უკან დაბრუნება

ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი „პოეზიის მანქანაში“

ნაწყვეტი ფილმიდან „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა“ [1919-1920]. ავტორი: ნინო ნატროშვილი, რეჟისორი: ანდრო ჭიაურელი

პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე ტიციან (ტიტე) ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს ქუთაისის მაზრის (დღევანდელი ვანის მუნიციპალიტეტი) სოფელ შუამთაში მღვდელ იუსტინე ტაბიძისა და ელისაბედ ფხაკაძის ოჯახში დაიბადა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ტიციან ტაბიძის დაბადების თარიღია 1893 წლის 2 ივნისი, ხოლო ადგილი - ქუთაისის მაზრის სოფელი ჭყვიში (რომელიც სოფელ შუამთის თემში შედის), თუმცა პოეტი საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერდა: 

„დავიბადე 1895 წელს, 2 აპრილს, დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაშიორპირთან. ორპირი საჩინოს ნაწილია, რაც ნიშნავს გამოჩენილს, ღირსშესანიშნავს. ეს ოდესღაც მდიდარი მიწა ისე გაპარტახდა, რომ ჩემს ბავშვობაში უკვე აღარავის სჯეროდა, რომ მას მატიანეში საქართველოს ბეღლად მოიხსენიებდნენ...

ადრეული ბავშვობიდან ჩემ ირგვლივ უცნაური პეიზაჟები იშლებოდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა რიონის ველზე მზის ჩასვლა: კვასკვასა ცხელი დღის შუქი პალიასტომის ტბაში ისე ჩადიოდა, რომ ზღვის ზევით ცას სანახევროდ ფარავდა ცეცხლის ალი...

უხსოვარი დროიდან ორპირი რიონის პორტად ითვლებოდა. მახსოვს, აქ მდინარის ორთქლმავლები მოდიოდნენ და სიმინდი და ჩირი ამოჰქონდათ“.

ტიციანის მამა, იუსტინე, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, თუმცა მე-6 კლასიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი მოკლა. იუსტინეს ბრალად დასდეს, რომ ის რევოლუციურად განყობილ სტუდენტთა შორის იყო. ამის შემდეგ სამი წლის განმავლობაში იუსტინე თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა თბილისის იურიდიულ საზოგადოებაში, ამასთან, დაუახლოვდა ლიტერატურულ წრეებს, თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან“. 

იუსტინეს მამა, ტიციანისა და გალაკტიონის ბაბუა, სტეფანე, სოფლის მღვდელი იყო, მისი თხოვნითა და იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ხელდასმით, იუსტინე მღვდლად ეკურთხა და სოფელში დაბრუნდა. აქვე, თავის სახლში, გახსნა სამრევლო სკოლა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აგრძელებდა პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც.
ტიციანმა დაწყებითი განათლება მამის დაარსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. 4 წლის ასაკში წერა-კითხვა უკვე შეუსწავლია. 1901 - 1905 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო განათლება, 1906 წელს კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, სადაც 1913 წლამდე სწავლობდა.



ფოტოზე: ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, XX საუკუნის დასაწყისი.

ლიტერატურული საღამოს მონაწილეები. მარცხნიდან პირველი ზის ტიციან ტაბიძე. ქუთაისი, 1914 წელი






ტიციან ტაბიძის ერთ-ერთი პირველი ლექსი მისი მასწავლებლის, ქუთაისის გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგისა და პუბლიცისტის, მელიტონ ჩოგოვაძის ხსოვნას მიეძღვნა. ლექსი ქუთაისის გაზეთ „ფონში“ 1910 წლის თებერვალში დაიბეჭდა. ამ დროიდან მისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები და თარგმანები იბეჭდებოდა გაზეთებში: „კოლხიდა“, „სახალხო გაზეთი“, „ერი“, „თეატრი და ცხოვრება“.

ფოტოზე: ტიციან ტაბიძის ჩანახატი „მარტოობა“. „სახალხო გაზეთი“, 1910 წლის 31 ივლისი.

ტიციანი ჯერ კიდევ მოწაფე იყო, როდესაც სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. „ლექსების წერა ძალიან ადრე დავიწყე, მე-6 კლასიდან, ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის გაზეთებში იბეჭდებოდა ჩემი ნაწარმოებები“. ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.

ტიციანი იგონებს, რომ მისი მეგობრები, რომლებთან ერთადაც 1915 წელს პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება „ცისფერყანწელები“ დააარსა, სწორედ ქუთაისის გიმნაზიაში გაიცნო - პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვები. „მაშინ ქართული ენის სწავლება უკანა პლანზე იყო, კვირაში მხოლოდ ერთ დღეს გვიტარდებოდა მეხუთე თუ მეექვსე გაკვეთილი, თუმცა, ამ დროს ყვაოდა მიწისქვეშა ლიტერატურული წრეები და სწორედ აქ ვიღრმავებდით მშობლიური ენის ცოდნას. განსაკუთრებით დამეხმარა ის, რომ ბავშვობაში თითქმის ზეპირად ვიცოდი ქართული ბიბლია“.

1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.



ფოტოზე: ტიციან ტაბიძე სტუდენტობისას

მარცხნიდან: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე. ფოტოკოლაჟი. 1916 წელი

ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916 წელი, N1

1916 წელს ქუთაისში ქართველ სიმბოლისტთა პირველი ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ გამოიცა. „ცისფერყანწელთა“ ორდენის ერთ-ერთ დამაარსებელთან ერთად, ტიციანი ქართული სიმბოლისტური ხელოვნების თეორეტიკოსიც იყო.  ჟურნალის პირველივე ნომერში დაიბეჭდა მისი სტატია „ცისფერი ყანწებით“, რომელშიც ავტორი  მოდერნისტული და სიმბოლისტური ხელოვნების საკითხებს განიხილავდა: 

 

ცისფერი ყანწებით

მოდერნული ხელოვნება ღვიძლი შვილია ქალაქის. მთვრალი გოლიათის სუნთქვით გაიზარდა იგი, მის აკვანზე ნიმფების მაგიერ მოხეტიალე მემუსიკენი მღეროდენ ნანას, ბუნებას არ უწოვებია მისთვის ძუძუ, შავი ქალაქის ნისლით და მკთომარე გაზით იზრდებოდა. ამიტომ დასაბამითვე მას თან დაყვა ნაღველი პირველყოფილი ლაღი ცხოვრების მოგონებისა, ქალაქის ელექტრონის ფარნებზე წარმოუდგებოდა ნანატრი წარსული. სარწმუნოება მკვდარია, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება ცხოვრება, აქ იწყება მითის ქმნა, გაძარცულ სამსხვერპლოზე ჩნდებიან მითის მქნელნი.

ძველი პატრიარქალური კულტურა ირღვევა. ეს სიკვდილი ძველი ქვეყნის გამოიტირა ბელგიელმა პოეტმა ემილ ვერჰარნმა წიგნში: „სოფელნი აჩრდილნი“. ქალაქი მბრძანებლობს.

ახალი ფუტურისტების ტერმინოლოგიით თანამედროვე კულტურა წარმოადგენს უზარმაზარ ქალაქს, ლონდონს, ნიუორკს, ჰამბურგს, სადაც ტრუბები მაღალია ტაძრებზე, სადაც ცოფიანად მიჰქრიან ავტომობილები და გასაფრენად დარაზმულან ცეპელინები. აქ დრო არ არის უკან მოხედვის, აქ შეიქმნა წუთის კულტი. პოეტის შეგნება დამძიმდა რუხრკინის ქალაქით და ამოხეთქა ახალ უცნობ სიმღერაში; პოლ ვერლენის „კოჭლი სონეტი“, ალ. ბლოკის „ბალაგანჩიკი“ ასახვაა ამ ახალი შეცნობის. ასე იქმნება თანდათან ახალი სახე ვიზიონერების.

და მოდერნიზმი სიმღერაა ამ ვიზიონერების.

„ჩემ წინ იშლებიან, ამბობს ინგლისელი მწერალი მორრისი, მწუხარე სურათები, თანამედროვე ტალახიანი ბურჟუაზიული კულტურა შედის ყველგან, სპობს რა თავის მგზავრობაში ყველაფერს კარგს ძველი დროიდან დანარჩენს, მთელ სამყაროს ხუთავს თავის ხვევნაში, ცხოვრება შეიქმნა ვეებერთელა კანტორა. ჰომეროსის ადგილი უკავია ჰექსლის, ცეცხლის პოემები ბაირონის და შელლის თანდათან იდევნებიან ბეჯითი კანტორის წიგნებით“.

კანტორის წიგნებმა ვერ დაფარეს, მართალია, პოეზია, ბაირონის და შელლის პოემებს მოჰყვენ: სტეფანე მალარმეს „იროდიადა“, პ. ვერლენის „სატურნიული პოემები“ და აღ. ბლოკის „თოვლის ქალწული“, მაგრამ აქ უფრო მხილდება როგორ დაშორდენ ერთმანეთს მხატვარი და ბუნება.

აქ ჩნდება ორი პოლიუსი, რომელნიც არასოდეს არ შეერთდებიან.

მხატვრული მაგალითით ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:

ერთი მხრივ: ვაჟა-ფშაველა პანის ღვთაებრივი მჭვრეტელი, ხევის ნიაღვრით დასოლებული მუზით, რომლისთვისაც ბუნება ემბაზიც იყო, საქორწინო საწოლიც და კუბოც. ვაჟაში არ არის სტილიზაცია ბუნების, როგორც ფრანგ პოეტ დიუჟარდენში, რომელიც აცოცხლებს ბუკოლიკას. ვაჟა ხელუხლებელი ბუნებაა.

მეორე მხრივ; ოსკარ უაილდი, რომელმაც ბუნებას ხელოვნების მოსამსახურის როლი აკისრა. მართალია სატუსაღოში გაზრდილი უაილდი ამბობდა: თავის დიდებულ წყალში გამბანს ბუნება და მომარჩენს მწარე ბალახებითო, მაგრამ ახალ ცხოვრებისთვის ამდგარ უაილდს ვერ გაიგებდა ბუნება. იმდენხანს იყო მისთვის ბუნება დეკორაცია, რომ არ ეყოფოდა ჯადოქრობა მისი გაცოცხლებისთვის...

2.

ქალაქმა შეჰქმნა ახალი სახეები, აქ ჩაეყარა საფუძველი ლიტერატურულ სკოლას, რომელიც ცნობილია სიმბოლიზმად. სიმბოლიზმი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მომწიფდა, კლასიკურ შკოლად იქცა და ერთი თვალით უყურებს კიდეც თავის საფლავს. სიმბოლიზმის საინტერესო ახსნას იძლევა ფრანგი მწერალი რემი-დე გურმონი:

- რა არი სიმბოლიზმი? კითხულობს გურმონი: „ თუ დავეყრდნობით სწორ გრამატიკულ მნიშვნელობას სიტყვისას, თითქმის არაფერი. თუ კითხვას გავწევთ განზე, მაშინ იმას შეუძლია აღნიშვნა იდეათა მთელი რიგის: ინდივიდუალიზმი ლიტერატურაში, შემოქმედების თავისუფლება, დასწავლილ ფორმულების უარისყოფა, ლტოლვა ყოველივე არაჩვეულებრივისადმი, უცნაურისადმიც კი. ის ნიშნავს კიდევ იდეალიზმს, სოციალურ რიგის ფაქტების უგულებელ ყოფას, ანტინატურალიზმს, ტენდეციას, მიმართულს იქით, რაც არი ცხოვრებაში დამახასიათებელი, ტენდეციას მხოლოდ იმ ხაზების გადმოცემისას, რომელიც ერთ ადამიანს მეორისაგან ანსხვავებს. სურვილს, დაიჭირო, ის რაც არსებითია“... ჩვენ ვიღებთ ამ ფორმულას და გვინდა ვცადოთ გარკვევა, როგორ გამოიხატა ის ქართულ მწერლობაში. პირველად უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ კრიტიკაში ირევა ორი მცნება: სიმბოლიზმი, როგორც მეთოდი და სიმბოლიზმი, როგორც შკოლა; ეს, რასაკვირველია, შეცდომაა, მაგრამ უფრო უარესია როცა ირევა ერთმანეთში სიმბოლიზმი და ალეგორია. ამას რომ ხშირად აქვს ადგილი, ეს იქედანაც სჩანს, რომ თითქმის ყველა იდეოლოგი სიმბოლიზმის ანიშნავს ამის შერევას (კ. ბალმონტი, წიგნი „მთათა მწვერვალნი“. ვ. ბრიუსოვი, წიგნი, „შორეულნი და ახლობელნი“).

ამას ჩვენში უფრო ბევრჯერ ქონია ადგილი. სწორედ აქედან დაიბადა ლეგენდა ვაჟა-ფშაველას სიმბოლისტობის.

სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრ. რობაქიძემ. ბ. რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დაჯდომია ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეიერვერკების გასროლა. ოსკარ უაილდი პიროვნების თავისუფლების და მეშჩანურ მორალის დაპირდაპირებამ რედინგის ციხემდი მიიყვანა. რედინგი მისთვის ძალიან ადრე დაიწყო და საფლავშიც არ გათავებულა. ვის არ ახსოვს პარიზის აღელვება „ციმბალისტების“ პირველ ლაშქრობაზე, ვ. სოლოვიოვის და ნ. მიხაილოვსკის რისხვა რუსეთელ სიმბოლისტთა გამოჩენაზე. საფიქრელი იყო, რადგან სხვაგან ასეთი აღელვება გამოიწვია სიმბოლიზმმა, ჩვენშიც მონახავდენ ფიჩხებს ინკვიზიციის ცეცხლის დასანთებად, მაგრამ გრ. რობაქიძეს უთხრეს თავის დასტური არჩილ ჯორჯაძემ და კიტა აბაშიძემ. ამ ორი პიროვნებით იწურება ქართული ესტეტიური კულტურა გრ. რობაქიძემდი.

 3.

პირველი მოციქული სიმბოლიზმის სიტყვიერად ქადაგებდა მოდერნიზმის სახარებას. გრ. რობაქიძის აქაფებული სიტყვა, აღმაფრენი ფანტაზია, თვალისმჭრელი სახეები ძვირფასი მოგონებაა ჩვენი ახალგაზდობისა. პირველად იმან შეგვახედა იოჰანაანის მოჭრილ თავს, პირველად. იმან მოგვასმინა ნიცშეს მწვალებელი სიტყვა. ამ ბრწყინვალე ტურნირზე ძალიან ცოტანი იყვნენ რჩეულნი და მოწვეულნი, რომელთა გულშიც მოხვედროდესთ მისი სიტყვები. მაგრამ გრ. რობაქიძეს ეს მაინც არაფერს უშლიდა, ერთი ფრაზაც არ შეუცვლია, ერთი მხატვრული სახეც არ მიუტანია მსხვერპლად იმისთვის, რომ უფრო გასაგები ყოფილიყო, რაც იმაში უთუოდ ხაზს უსვამს დიდ მხატვარს. როგორც პირველი მოციქულები სახარების ქადაგების დროს არ კარგავდენ თავიანთ პიროვნებას და თავისებურად ამხელდენ ქრისტეს (გერმანულ ფილოსოფიაში არის ტერმინი პავლიანიზმი ანალოგიური ქრისტიანიზმის) გრ. რობაქიძეც ამბობდა თავისას. ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული ეს ძვირფასი ნაშრომები და ისინიც, რომელნიც დაიბეჭდენ, მოითხოვენ შესწავლას და ამ წერილში, რომელიც სახელდახელოდ იწერება, კადნიერება იქნებოდა მათი შეხება.

ბევრი ქართველი მწერალი უცდია გრ. რობაქიძეს გაეზომა სიმბოლიზმის საზომით. მისი მჭრელი ჭკუა ამ შემთხვევაში ათამამებდა და ხელს უწყობდა, რაც სინამდვილეში არ არი, ის მოეჩვენებია სინამდვილეთ და ისე იყვენ დაგვირისტებული ეს აზრები - ვერც კი ამჩნევდი, რომ იკერებოდა შეუკერელი. აქედან არი ვაჟა-ფშაველას და ი. გრიშაშვილის მოდერნისტობის. ისტორია.

მაგრამ საკმაო იყო თვითონ გრ. რობაქიძეს მოეცა ნამდვილი სიმბოლისტური ნაწარმოები, რომ გაჩენილიყო გაუგებრობა.

გრ. რობაქიძის ლექსები პირველი სიმბოლისტური ლექსებია.

„კოცონში“ პირველად იკივლა ვნებით მთვრალმა მენადამ ქართულ მწერლობაში. ანტიური სულის გაგებით და ლექსის ინსტრუმენტაციით ამ ლექსში გრ. რობაქიძე უახლოვდება რუს პოეტ ვიაჩესლავ ივანოვს, რომელიც ლექსის საუკეთესო ოსტატად არის მიჩნეული რუსეთში. მაგრამ გამოჩნდა, რომ ერთხელ სიტყვის ბატონად აღიარებულს სინტაქსისი დაუწუნეს, გამხილდა თუ რამდენად მიღებულია სიმბოლიზმის პრინციპები, თუნდა იმ ახალგაზდობაში, რომელსაც ეკუთვნის გრ. რობაქიძის კრიტიკოსი ბ. კასრაძე. გრ. რობაქიძის ავტორული თავმოყვარეობა იმითაც შეიძლება დაკმაყოფილდეს, რომ მისი „მარცხი“ რუს სიმბოლისტებსაც გააზიარებიეს, როგორც არიან „ჯაგლაგა ცხენები“: ვალერი ბრიუსოვი, ვიაჩესლავ ივანოვი, ინოკენტი ანენსკი. ამ ჯაგლაგა ცხენებს მეეტლედ დ. კასრაძე არ გამოადგება, და ეს წერილიც ქართულად არის დაწერილი...

4.

ერთ ჩემს წერილში ვწერდი, რომ ჩვენში სიმბოლიზმს ღამეც არ გაუთევია მეთქი. მე ამას ახლაც ვიმეორებ. მხოლოდ ახლა იწყება ხაზების გახსნა, მხოლოდ დღეს ხდება ეს შეჯგუფება. მართალია ჯერ კიდევ ბინდია, მაგრამ ეს ბინდია საგარიჟრაჟო.

საზოგადოდ ჩვენ მწერლობაზე ფიქრი ვერ დააყენებს მოყვარულ გულს კარგ იმედებზე.

გ. მაიაშვილმა ერთ თავის წერილში „მეგობარში“ მრისხანე ხელით მილურსმა ერთი მეპრესე, დაარქვა რა იმას ბატონი შაბლონი. მე არ მახსოვს ამ მეპრესეს გვარი და რომ მახსოვდეს კიდეც, არ გავიმეორებდი, რადგან არ არი ღირსი მიეწებოს გ. მაიაშვილის დიდ სახელს, მხოლოდ ეს თქმა დიდხანს დარჩება ჩვენს მწერლობაში. ბატონი შაბლონი დღეს მალაყიას გადადის ჩვენს ლიტერატურაში. იგი მრავალსახიანია, მრავალ ფეხიანი და კოშმარივით აწევს ქართულ სინამდვილეს. მარტო პოლიტიკური ცხოვრება არ არი მისი მოედანი, ჭრიალა დროგით“ მწერლობაშიც შემოდის.

და გგონია კიდეც, რომ ის „ბედის ქუდია. ჩვენ საზოგადოებრივ აზროვნებას თანდაყოლილი. თუ რამდენად არი ჩვენი მწერლობა სიმბოლიზმისაგან კვალდამჩნეული, ეს შეიძლება აქედან დავინახოთ: ავიღოთ ძვირფასი სამება ჩვენი პოეზიის:

სანდრო შანშიაშვილმა უკვე ნახა თავისი სახე. ცალკე წერილში მე შევეხები მის ახლანდელ შემოქმედებას. აქ ჩემ თავს ნებას ვაძლევ მის წარსულს შევეხო. მისი პირველი გამოსვლა და სიმბოლისტად მონათვლა მაშინ მოხდა, როცა ის ერთი ხელით სთარგმნიდა ნადსონის და რატგაუზის იაფ რომანსებს, მეორეთი მეტერლინკს, კ. ბალმონტს, ედგარ პოს. როგორ აბამდა ის ამ შეუდარებელ მწერლებს ერთმანეთს?

ეს სეკრეტია, და თუ გინდა სასწაულიც. მე ეს თარგმანები. ახლაც მახსოვს. აქედანაც შეიძლებოდა დანახვა მგოსნის დიდი ნიჭის. რასაკვირველია, პირველი მწერლები არასდროს არ ნახავენ ადგილს ს. შანშიაშვილის წიგნში, მე ბოდიშს ვიხდი იმათ გახსენებისთვისაც, მაგრამ ამაზე თავის დროს არავის მიუქცევია ყურადღება და აშკარაა როგორ იოლად იძლეოდა სიმბოლისტობის პატენტი.

გ. ტაბიძეზე ჩემი აზრი გამოვთქვი „საქართველოში“. ის ახალგაზდაა ამ სამებაში და ყველაზე მეტად ეტყობა სიმბოლიზმისკენ გადახრა. „მე და ღამე“ გვიჩვენებს, რომ მისი სული უძიროდ ღრმაა, მგოსანიც შორს იყურება შიგ და გრძნობასაც დაკრავს საბედისწერო ელფერი. პირველი წიგნის ნერვების ტოკვაზე ეტყობა, რომ გაზრდის შხამიან ყვავილს სიმბოლიზმისას. რაც ძვირად არ დავაფასოთ ის, რაც იმან მოგვცა, მაინც იმაზე მეტი მომავალშია.

ი. გრიშაშვილი უსათუოდ გაშორდა ბესიკს, როგორც დღევანდელი თბილისი ერეკლეს დროის თბილისს. მაგრამ შორია ეს გზა? განა დაშორდენ ისინი ერთმანეთს ისე, რომ ვერ იცნონ? მე ვიცი - თქვენ მეტყვით გრიშაშვილის თვალის მჭრელ მეტაფორაზე, მაგრამ ვისი ბრალია, რომ თქვენ ბესიკი დაივიწყეთ?

შენის ბაგისა ორნივ მეცა: ტკბილი და მწარე,

ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე...

ეს ლექსი ბესიკის არი. შეადარეთ, რომელიც გინდათ პოეტური სახე ი. გრიშაშვილის და მაშინ დარწმუნდებით, რომ ბევრს ნიშნავს წარსულის უცოდინარობა. ი. გრიშაშვილი ძალიან დამთავრდა და ეხლა თავის თავს დაუწყო გადამღერება და უნდა მოხდეს ძირითადი ტეხილი მისი შემოქმედების, რომ არ დააჭკნეს გვირგვინები. თუმცა იმ გვირგვინების ღირსი, რომელსაც იგი ატარებს, უსათუოდ არი.

ბელეტრისტებში ნ. ლორთქიფანიძე იპყრობს ყურადღებას. ნ. ლორთქიფანიძე ძუნწი თავადია, ძალიან ძვირად სწერს... მის ეტიუდებში მოსჩანს მხატვარი, მის ძვირფას ოფორტებს ჩვენ გულით ვატარებთ. ეტიუდებში ისეთი ხვეულებია აზრების და გრძნობების, ისეთი გადასავალი ტრაგიულის გულუბრყვილოზე, ხანდისხან დოსტოევსკისებური ავხორცობაც, რომ გრძნობ ჯადოქარის ხელსა და გინდა რომ დახაზოს დიდი სურათი, რომლის დახატვა ჯერ მარტო იმას შეუძლია. არის აგრეთვე ჭუმბაძე და სხვები, მაგრამ არ არის არც ერთი მწერალი, რომელიც ასახავდეს. უნაკლულოდ სიმბოლიზმის „L'art Poetique "...

სრულიად მოულოდნელად ამ წერილში მოხვდა თითქმის ყველა მწერალი, რომელიც აჩერებს ყურადღებას. ამიტომ მინდა მივუმატო კიდევ ორი: ვ. გაფრინდაშვილი და პ. იაშვილი. ამათ მოაქვთ რაღაც ჩვენს პოეზიაში და იმაში, რაც მათ მოაქვთ, არის გრძნობა, არის სიახლე. ვ. გაფრინდაშვილის „ძაღლის სიმღერა“ და „ოცნება წვიმაში“ უჩვეულოა ჩვენი პოეზიისთვის. „მეფის ქორწილი“ პ. იაშვილის იმის გარდა, რომ გაბრმავებს ნათელი ფერადებით, პირველი ლექსია ქართულად ტრიოლეტებით დაწერილი. მე ვუცდი რომ იმათ შეკრან თაიგული და უფრო გამოაჩინონ თავიანთი პოეტური სახე... ამათ მოაქვთ ჩვენში ნამდვილი მოდერნიზმი...

არის ნიადაგი ჩვენში სიმბოლიზმისთვის?

5.

ქართველ ხალხში სცხოვრობს უკვდავი აქტიორული სული. იმას უნდა მუდამ სხვა იყოს, იმას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების; რატომ იღებება ქართველი ქალი? ესეც ხომ მოდის ბრალი არ არი. ამას ჩვენში ხომ დიდი ისტორია აქვს. მიზეზი აქაც იგივეა, ეს აქტიორობა და თეატრალიზაცია ცხოვრების. ეს ბუნება შეუსწავლელია ჯერ სრულიად.

ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი, სიმბოლიზმი სწორედ ფილოსოფიაა ამ ნიღაბის.

და ამიტომ სიმბოლიზმი ჩვენში აუცილებელია.

ჩვენში მზადაა ნიადაგი მოდერნიზმისთვის.

გრიგოლ რობაქიძე ერთ თავის ლექციაში სამი წლის წინად ამტკიცებდა, რომ არსებობს ერთგვარი „ატმოსფერული გავლენა იდეების“, რომელიც შეუცნობლად იპარება სულში. მერეჟკოვსკის ერთ შარშანდელ ფელეტონში ეს ამგვარი აფორიზმით გამოითქვა: ბევრს ჩვენგანს არ წაუკითხავს კანტის „კრიტიკა წმინდა გონების“, მაგრამ სიკვდილის დროს უსათუოდ იგრძნობს იმის გავლენასო...

ამნაირად ყველა არგუმენტი იქეთკენ არის, რომ სიმბოლიზმი აუცილებელია.

მართალია დღეს ჩვენში მეფობს სუმბური და გაურკვევლობა.

ერთი ჩვენში უკვე სახელიანი კრიტიკოსი ურჩევს ახალგაზდა მწერლებს რაფიელ ერის-თავს მიბაძონ, მაგრამ ეს გადავა თავისით.

ცხოვრება თავისას მოითხოვს და წაიღებს კიდეც. უჭკუო რეცეპტებს არ ემორჩილება იგი. მწერლობა თავისით დაიხვეწება, კათაკმეველნი თვითონ მიხვდებიან. წასვლის დროს და არ მოუცდიან შეძახებას...

6.

სიმბოლიზმი ჩვენში რომ უცხოეთიდან მოდის, ამაში არაფერი საფრთხე არ არი. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულ დროში საქართველო იმყოფებოდა ბევრ სხვა და სხვა კულტურის გავლენის ქვეშ. ბევრი გადმოუღია იმას ბერძნულ, არაბულ, სპარსულ კულტურის, ბევრი იმათთვისაც გაუტანებია. ამას არაფერი დაუშლია რუსთაველისთვის შეექმნა „ვეფხის ტყაოსანი“, რომელშიაც უაღრესად არი გამოჩენილი ქართული სული. უკანასკნელ დროს ჩვენში დამკვიდრდა ერთგვარი ცვლა ლიტერატურულ შკოლათა, იმ გეგმით, როგორც ევროპაში.

აქ იდეები სამუდამო ცვლაშია. როცა ხალხი იღებს სხვისაგან რამეს, იმას თავის ბრძმედში ატარებს. ნაციონალური აპერცეპციის ძალით ერი ითვისებს იმას, რაც მის ეროვნულ თავისებურობას ეგუება, რასაც იმასთან ახლობელი კავშირი აქვს.

სიმბოლიზმს ამ შემთხვევაში ბევრი შეუძლია მოუტანოს ქართველ ერს.

პირველ ყოვლისა ჩვენში დავიწყებულია სიტყვა. არ არსებობს ერთი შრომა, ქართული ლექსის ბუნებას რომ იკვლევდეს.

გეუბნებათ თქვენ რამეს ბესიკის და აკაკის ანბანთა ქება?..

სიმბოლიზმის, როგორც ფორმის გაღმერთების გაგება, როგორც პრიმატი „როგორის“ „რაზე“ -  გაუგებრობაა. ამგვარი დასმა საკითხის მიუღებელია, რადგან იგი გულისხმობს განცალკევებას იქ, სადაც კონკრეტულად არსებობს მხოლოდ ერთიანობა. მაგრამ ფორმას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, ვიტყვი კიდეც ჩვენში, სადაც სიტყვა კარგავს თავის თვითმთმობ ღირებულებას, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს, და სრული გატაცებაც მითი საჭირო არის. ქართულ სიტყვის გაღატაკებას მიაპყრეს ყურადღება გრ. რობაქიძემ, არჩილ ჯორჯაძემ.

გერონტი ქიქოძემ ნათლად დაგვანახა თუ სანამდი მიიყვანა ვაჟამ სიტყვა.

მე ვათავებ წერილს.

გრ. რობაქიძის ბარათში, რომელიც „ოქროს ვერძს“ მისწერა, ის ამბობდა: „საქართველოს რენესანსი დაიწყო, წარმოვთქვი ერთხელ. და ამ სიტყვების სიმართლეს დღითი დღე ვგრძნობ. მაგრამ რენესანსი. იგი ჯერ კიდევ ქაოსისა და ფორმის ბრძოლაში აშკარავდება და კიდევ დიდი დროა საჭირო, რომ ფორმამ სძლიოს. სავსებით ქაოსსა. ეს ფიქრები მებადება, როცა შევსცქერი უახლოესი ხელოვნების ზრდას.“

ჩვენ გვინდა დავიჯეროთ, რომ რენესანსი დაიწყო, მხოლოდ ძალიან დიდხანს გასტანს ფორმისა დ ქაოსის ბრძოლა.

მომავალ დიდ ქართველ მხატვარში უნდა შეხვდეს რუსთაველი და მალარმე. რუსთაველი მე მესმის როგორც ქართული სიტყვის შემკრები ერთეული და მალარმე ამავე აზრით ევროპის პრეზენტიზმისა და ფუტურიზმის.

ეს გზა აუცილებელია. როგორც უნდა გათავდეს ომი, აშკარაა წინა აზიაში ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, ეროვნულ კულტურის ყველა ფოლაქებ შეკრული, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები.

ჩვენ ვიზამთ ამას. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნულ აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ „ცისფერ ყანწებით“.

26 იანვარი 1916 წელი

„ცისფერყანწელები“

მარცხნიდან, პირველ რიგში სხედან: ნიკოლო მიწიშვილი, თამარ იაშვილი (პაოლო იაშვილის მეუღლე), სანდრო შანშიაშვილი და მისი მეუღლე მარო შანშიაშვილი. 

მეორე რიგში სხედან: ვალერიან გაფრინდაშვილი, ეფემია ლეონიძე, გერონტი ქიქოძე, პაოლო იაშვილი, ნინო ტაბიძე (გიორგი ლეონიძის მეუღლე) და ალი არსენიშვილი. 

დგანან: რაჟდენ გვეტაძე, შალვა აფხაიძე, ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე და გიორგი ლეონიძე. 


















ტიციან ტაბიძის შარჟი
მხატვარი პაოლო იაშვილი
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1920 წლის 1 მაისი






ტიციან ტაბიძეს



„ორბელიანი მოქეიფე
რჩება გადაღმა,
ლხინში რომ მაინც ტოლი გყავდეს,
ნეტავ მანახა!
თვით მალარია შენი სუნთქვით
სისხლში გადახმა.
კახეთის სიძევ!
არგონავტო ოქროს ვერძებით -
ეს თვითონ შენ ხარ!
ამაოდ კი სხვაგან ვეძებდი!“


სანდრო შანშიაშვილი, 1925 წელი



ფოტოზე: სანდრო შანშიაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1920-იანი წლები. დაცულია ეროვნულ არქივში, სანდრო შანშიაშვილის პირად ფონდში

„მაშ, გამარჯვება!“, კითხულობს ეროსი მანჯგალაძე

1917 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ტიციან ტაბიძე აქტიური იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში, ლიტერატურულ გაერთიანებებში მონაწილეობასთან ერთად, გამოსცემდა გაზეთებს, ჩართული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში.  1917 წელს ის „საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ შეუერთდა, რომლის ბეჭდურ ორგანოში - გაზეთ „საქართველოში“ - აქვეყნებდა სტატიებს სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ, ხელოვნების საკითხებზე. 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად, შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“, რომელიც 1919 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების, არჩევნებში მონაწილეობდა. 











საარჩევნო სია „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“: 1. პაოლო იაშვილი, 2. იაკობ ნიკოლაძე, 3. პავლე ინგოროყვა, 4. ტიციან ტაბიძე, 5. ვლადიმერ გუდიაშვილი, 6. ალექსი არსენიშვილი.

ქართველ მწერალთა და მხატვართა ჯგუფი სწორედ ამ სიით მონაწილეობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნებში. ხელნაწერ სიას ახლავს კანდიდატთა თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

აღსანიშნავია, რომ პარტიამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა და დამფუძნებელ კრებაში ვერ მოხვდა.









1918 წელს ტიციან ტაბიძემ გაიცნო ნინო მაყაშვილი, რომელზეც 1920 წელს იქორწინა. სიმბოლისტ პოეტთა თაყვანისმცემელი ნინო განათლებით ექიმი იყო. 1934-1960 წლებში მან შექმნა მემუარები, რომელმაც ტიციანისა და მისი მეგობრების შესახებ ფასდაუდებელი ცნობები შემოგვინახა. ტიციანს და ნინოს ჰყავდათ ერთი ქალიშვილი - ნიტა (ტანიტ) ტაბიძე.

ფოტოზე: ტიციან ტაბიძე, ნინო მაყაშვილი და ნიტა (ტანიტ) ტაბიძე. 1920-იანი წლები

ნინო მაყაშვილის მოგონებიდან:

 

„კოტე გამსახურდიამ, რომელიც მაშინ ჩემი თაყვანისმცემელი იყო, მიხაკების მთელი თაიგული მომართვა. ყვავილები შინ წავიღე, ერთი მიხაკი კი ყელსახვევში გავირჭე. ასე წავედი ქართულ ჩაიხანაში, რომელიც ფრონტზე წასული ქართველი ჯარისკაცების დასახმარებლად გაეხსნათ. იქ თავს იყრიდა მთელი თბილისის ინტელიგენცია. მაგიდას რომ ვუახლოვდებოდი, მართა ბერიშვილმა (მაჩაბელმა), ჩემი მეგობრის, ნინოს დამ, მიხაკი გამომტაცა. მართა ტიციანის გვერდით იჯდა. იქვე მყოფი გამსახურდია, როგორც სჩვეოდა, ახმაურდა. მე ავდექი და პირდაპირ მათკენ გავემართე, რომ ყვავილი დამებრუნებინა, მაგრამ მართა გაჯიუტდა. მაშინ ტიციანმა საღილედან თავისი მიხაკი ამოიძრო და მე გამომიწოდა. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით და უკვე გაბრაზებას ვაპირებდი, მაგრამ ეს შენიშნა და მითხრა: - მეგონა, თქვენ არ გექნებოდათ მეშჩანური წარმოდგენები. მე ხომ თქვენ გიცნობთ - თავადის ასული ნინა მაყაშვილი ბრძანდებით. მადლობა გადავუხადე და ყვავილი გამოვართვი. მაგრამ ამის შემდეგ კოტე გამსახურდიამ უფრო დიდი ალიაქოთი ატეხა და მე ჩაიხანიდან წამოვედი. შინ დავბრუნდი.

 

გამსახურდიაც უკან გამომყვა. გზაში მიამბო, რომ დილით, როცა ჩემთვის თაიგულს ყიდულობდა, ტიციანი მიუახლოვდა, თაიგულიდან ერთი მიხაკი ამოიღო, გულზე დაიბნია და უთხრა: – ამ ერთადერთ ყვავილს ვაჩუქებ წითელ ქალიშვილს, და მისთვის ეს შენს თაიგულზე ძვირფასი იქნებაო. მაშინ „წითელ ქალიშვილს“ მეძახდნენ, რადგან სულ წითლებში გამოწყობილი დავდიოდი, მას შემდეგ მე და ტიციანი ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ის ქუთაისში თავის მეგობრებს სწერდა, რომ გაიცნო გოგონა, რომელსაც საოცრად უყვარს პოეზია (მაშინ ასეც არ მიყვარდა!). მე, ტიციანი და პაოლო საათობით დავეხეტებოდით ქალაქში. ტიციანი ძველ თბილისს მაცნობდა, ჩვენი დედაქალაქი ტრაგიკულ ათასწლოვან ისტორიას მიამბობდა“.

„ცისარტყელა განთიადისას“, თბილისი, 2016 წელი

 

1920 წელს „ცისფერყანწელთა“ კიდევ ერთი ბეჭდური ორგანო - გაზეთი „ბარრიკადი“ დაარსდა, რომლის რედაქტორი ტიციან ტაბიძე იყო.

 

გაზეთის პირველივე ნომერში დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის „მანიფესტი აზიას“, სადაც პოეტი წინასწარმეტყველებს ქართული ლექსის ევროპულ მომავალს: „ახალი ქვეყნის პირველი რევოლუციის და პოეზიის მერიდიანი პარიზია და სამხრეთით ტფილისს ეყრდნობა... საქართველო არასოდეს არ გაიხედავს უკან - ქართულმა პოეზიამ სამუდამოთ დასტოვა მუხამბაზის გზა... საქართველოში აშენდებიან ვერფები, კავკასზე უმაღლესი და ექსპრესები დასერავენ უდაბნოს, ქართული ლექსიც ადუღდება ახალი ფოლადით, ჩვენ ველით ახალ ბარრიკადებს.“

 

„ცისფერყანწელთა“ გაზეთი „ბარრიკადი“ , #1

„... მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“, კითხულობს ეროსი მანჯგალაძე






















ფოტოზე მარცხნიდან: გიორგი ლეონიძე, თამარ ბოლქვაძე, ლელი ჯაფარიძე, ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე
1920-იანი წლები

ლადო გუდიაშვილის მოგონება ტიციან ტაბიძისა და კაფე „ქიმერიონის“ მოხატვის შესახებ. 1978 წელი

„ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონი“, რომელიც ახლანდელი რუსთაველის თეატრის შენობის სარდაფში 1919 წელს გაიხსნა, პოეტებისა და ხელოვანების შეკრების ადგილი იყო. „ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“, კაფეს კედლები მთლიანად მოხატული იყო“, - წერდა ტიციანი.

 

„1919 წლის 16 ივნისს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობაში, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა საკითხებთან ერთად რესტორან „ანონაში“ მხატვრული კლუბის გახსნის საკითხიც განიხილა. იმავე წელს ქართველ მწერალთა კავშირმა ქალაქის გამგეობისაგან ეს რესტორანი შეიძინა და იქ კაფე-რესტორანი-კლუბი სახელად „ქიმერიონი“ მოაწყო. მწერალთა კავშირის საბჭოს ათი სხდომა მოუნდომებია, რათა კაფესათვის სახელი დაერქმიათ. უამრავი წინადადება იყო, მათ შორის, „ქიმერეთი“ - პაოლო იაშვილის, „ქიმერია - ტიციან ტაბიძის. გაიმარჯვა წინადადებამ - „ქიმერიონი“ - სიტყვა აღებულია ვ. გაფრინდაშვილის ლექსიდან. იდეა გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდა“. (მანანა თევზაძე, „რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის”, თბილისი, 2022 წელი).

 

ვიდეო: სიუჟეტი კაფე „ქიმერიონის“ კედლის მხატვრობის რესტავრაციის შესახებ. კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“, 1983 წელი

 

ვერიკო ანჯაფარიძის მოგონება ტიციან ტაბიძისა და კაფე „ქიმერიონის“ შესახებ. 1978 წელი

1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსული ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, „ქალაქში პანიკა სუფევდა. პაოლომ გადაჭრით მოსთხოვა ტიციანს ცოლ-შვილის სოფელში გახიზვნა; ტიციანმა სამშვიდობოს გაიყვანა ისინი და მალევე უკან დაბრუნდა. გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებიდან: „სადგურში მგზავრთა შორის შევამჩნიე... პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ლევან მეტრეველი. ესენი მოვიდნენ ჩემთან და რჩევა მთხოვეს... – თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ მოწინააღმდეგესთან, უნდა უთხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ჯარებმა ტფილისი დატოვეს და თხოვოთ მიიღონ ზომები, რომ ხალხის ნაძირალა ელემენტებმა არ ისარგებლონ არეულობით და ძარცვა-გლეჯას არ მიჰყონ ხელი". პაოლომ სასწრაფოდ შექმნა ახალგაზრდების ცხენოსანი რაზმი, რომელიც ჯერ კიდევ ჯარის შემოსვლამდე აკონტროლებდა ქალაქის უბნებს, შემდეგ, გალაკტიონ ვაშაძესთან ერთად, თეთრი დროშით, გაეშურა ბოლშევიკების ქართველ პოლიტიკურ მეთაურებთან შესახვედრად. 

 

ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ზოგი მათგანი ტიციანსა და პაოლოსთან მეგობრობდა. იმხანად მართლაც დიდი იყო პაოლოსა და ტიციანის დამსახურება, რასაც გვიდასტურებენ ლ. მეტრეველის, გ. ვაშაძის, თ. წულუკიძის, ი. აბაშიძის, ალ. ბარამიძის მოგონებები. ახალმა მთავრობამ, ისევ ტიციანისა და პაოლოს ძალისხმევით, შეხვედრა გამართა თბილისის ხელოვანებთან, გადასცა მათ სარაჯიშვილისეული (იმხანად აკაკი ხოშტარიას კუთვნილი) სახლი – ახლანდელი „მწერალთა სახლი“. უბინაო ხელოვანები დროებით საცხოვრებლად იქვე შეასახლეს (ტიციანი, პაოლო, გალაკტიონი, მელიტონ ბალანჩივაძე და სხვ.); თუმცა ნინომ ჩვილ ბავშვთან ერთად უხერხულად მიიჩნია იქ ყოფნა და ბიძამისთან დაბინავდა, გრიბოედოვის 18 ნომერში (სადაც ახლა ტიციანის სახლ-მუზეუმია). 

 

ლალი ავალიანი, წინასიტყვაობა წიგნისათვის „ცისარტყელა განთიადისას“, თბილისი, 2016 წელი

 

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლება ყველა მიმართულების და, რასაკვირველია, შემოქმედებითი სფეროს გაკონტროლებასაც შეუდგა. დამოუკიდებლობის დაკარგვიდან რამდენიმე თვეში „ცისფერყანწელების“, მათ შორის ტიციან ტაბიძის, დევნა დაიწყო. სიმბოლისტ პოეტებს აშარჟებდნენ და მათ პოეზიას დასცინოდნენ. 

ლალი ავალიანი წიგნის „ცისარტყელა განთიადისას“ წინასიტყვაობაში წერს:

„1923 წელს ვ. გაფრინდაშვილის და გრ. რობაქიძის ლოზუნგი „დაბრუნება მიწასთან“ დროული აღმოჩნდა. ტიციანის პოეზიაში თანდათანობით კლებულობს „სკოლური“ მიკერძოება; ძლიერდება რეალისტური ნაკადი მის სატრფიალო თუ პატრიოტულ ლირიკაში…


1924 წლის შეთქმულების არნახული სისასტიკით ჩახშობის შემდეგ საბოლოოდ დამარცხდა ხელოვანის თავისუფლების ილუზია ტოტალიტარულ სახელმწიფოში: „ცისფერყანწელთა“ პერიოდიკა დე-იურე თუ არა, დე-ფაქტო აკრძალულია. მიუხედავად პროლეტარულ მწერალთა შემოტევებისა, პაოლო და ტიციანი უცხოელების უპირველესი მასპინძლები და მეგზურები არიან…


ფოტოზე: „ცისფერყანწელების“ - ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის, პაოლო იაშვილისა და ვალერიან გაფრინდაშვილის შარჟი. გაზეთი „მუშა“, 1922 წლის 27 დეკემბერი




მოშურნეები ვერ ისვენებენ; გააფთრებულნი არიან, რომ „ცისფერყანწელებს" ჯერ კიდევ ხელთ უპყრიათ ჰეგემონობა ქართულ პოეზიაში. პაოლო და ტიციანი კვლავ „სიამის ტყუპებად" რჩებიან, მაშინაც, როცა 1935 წელს „მნათობში" „ფაშისტი“ რობაქიძის ჩეკაში შეთითხნილ „შეჩვენებაზე“ იძულებით აწერინებენ ხელს.

1935 წელს ისინი მეგზურობას უწევენ სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს ანდრე ჟიდს, ერთ დროს სიმპათიით რომ იყო განმსჭვალული საბჭოთა კავშირის მიმართ. ქართველი პოეტები მას არაფერს უმალავენ, რაც შემდეგ თავში საცემი უხდებათ:  სსრკ-დან დაბრუნებული ანდრე ჟიდი ხიბლგაფანტულია და კრიტიკულ ნარკვევს აქვეყნებს. „შენმა ფრანგულმა დაგღუპაო", –უთქვამს ბერიას პაოლოსთვის. ტიციანსაც, მწერალთა კავშირში თუ ჩეკას ჯურღმულებში მრავალგზის წამოაძახეს ჟიდთან ურთიერთობა“. 


 



ფოტოზე: ჟურნალი დროშა, 1924 წელი, N6

„... ჩააქრეთ სულში სიონის ზარი“. კითხულობს აკაკი ვასაძე, 1971 წელი

ტიციან ტაბიძის ცოცხალი სახე რამდენიმე კინოკადრმა შემოინახა. მათ შორის თავისი შინაარსითა და ხარისხით გამორჩეულია რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ფილმი „გოგი რატიანი“, სადაც პოეტმა ტიციან ტაბიძემ, კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა და რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავამ საკუთარი თავი განასახიერეს.

ფრაგმენტები მხატვრული ფილმიდან „გოგი რატიანი“. 1927 წელი

ტიციან ტაბიძის შესახებ არქივში დაცულ დოკუმენტებს შორის გამორჩეულია „მწერალთა კავშირის“ ფონდში დაცული მასალა:

მწერალ ტიციან ტაბიძის ანკეტა. 1929 წელი

ტიციან ტაბიძის წერილი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმს. პოეტი ითხოვს გერმანიაში მივლინებას (რომელიც არ განხორციელდა):  

„გთხოვთ, აღმიძრათ შუამდგომლობა განათლების კომისარიატის წინაშე, რათა სამი თვით მივლინებული ვიყო გერმანიაში:

ამასთან ერთად ვაცხადებ, რომ ჩემთვის არ იქნება საჭირო ვალიუტა სამივლინებო. ბინათ ვიქნები გრიგოლ რობაქიძესთან, რომლისგანაც მაქვს მიპატიჟება... 

მე არასოდეს არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ - და ჩვენ გაზეთებში  მოვათავსებ წერილებს, სადაც მკითხველებს გავუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს“.  

 

1932 წლის 8 დეკემბერი“. ავტოგრაფი

„ლექსი - მეწყერი“, კითხულობს აკაკი ვასაძე. 1971 წელი

„ტიციან ტაბიძის უკანასკნელი სურათი

1937 წელს ტიციან ტაბიძე პუშკინის საიუბილეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი იყო. თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე იყო, მაგრამ ის არ ერეოდა საიუბილეო კომიტეტის მუშაობაში და ძირითადად ტიციანს უხდებოდა ყოველგვარი საკითხის მოგვარება, რომელიც კი პოეტის იუბილესთან იყო დაკავშირებული.

პუშკინის საიუბილეო კომიტეტში მეც ვმუშაობდი. ერთხელ პოეტი საქართველოს მუზეუმში შემოვიდა, სადაც პუშკინის საიუბილეო გამოფენას ვაწყობდით.
საშა, - მითხრა ტიციანმა, - ერთი ფოტოგრაფს დაუძახე და მიხეილ თუმანიშვილიც (კომიტეტში მუშაობდა) მოვიდეს და ერთად სურათი გადავიღოთ.

ეს იყო ტიციანის უკანასკნელი სურათი და უკანასკნელი მოსვლა საიუბილეო კომიტეტში.

1/V-1975 წ. ალექსანდრე სიგუა“.

1937 წლის მაისში ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გაკიცხეს. ამას მოჰყვა 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილის დაპატიმრება და დახვრეტა (13 ივლისს). ამავე წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა. ტიციანს მოსთხოვეს, საჯაროდ დაეგმო თავისი მეგობარი პაოლო იაშვილი და ის პროვოკაციულ ქცევაში დაედანაშაულებინა, რაზეც ვერ დაითანხმეს.

 

1937 ოქტომბერში დააპატიმრეს ტიციან ტაბიძეც. 2006 წელს ჟურნალისტ ეკა ტალახაძესთან რადიოინტერვიუში პოეტის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე მამის დაპატიმრებას იხსენებდა: „მაშინ მითხრა, შვილო, მაპატიე, იქნებ მე შენ გაგწირე, მაგრამ არასოდეს შეგრცხვება, რომ ხალხს თვალებში შეხედო... რომ მოვიდა მანქანა, პირველად მე გავიგე, მე გავაღვიძე დედიკო და მამიკო. გამოვიდა მამა, დაჯდა სავარძელში, გაჩუმებული, ხმას არ იღებდა და რომ გადიოდა უკვე სახლიდან, დედამ მითხრა, არაფრით ხმა არ ამოიღო, არ ჩააყოლო დარდად შენი ტკივილიო...“.

 

ტიციან ტაბიძე 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს. მისი საფლავი უცნობია. 2011 წლის 21 სექტემბერს მთაწმინდის პანთეონში გაიხსნა 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი (ავტორი: ნიკოლოზ მაისურაძე). მემორიალზე აღბეჭდილია სანდრო ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის სახელები.

გიორგი ლეონიძის სიტყვა ტიციან ტაბიძის ხსოვნის საღამოზე. კონსერვატორიის დარბაზი, 1961 წელი

გვერდზე გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. 

 

გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, ანა მღებრიშვილი, თამარ თავართქილაძე, თეონა ლაზაშვილი, ქეთევან ასათიანი, გიორგი კაკაბაძე, ეკატერინე სანიკიძე, მარინა სხირტლაძე, ქეთევან სადაგიშვილი, შალვა მიქუტიშვილი, სოფიო ფაციაშვილი