ნოემბერი 548
en

საქართველოს პირველი რესპუბლიკა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. ამ პერიოდის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიისა და უახლესი წარსულის კვლევის საქმეში.

პირველი რესპუბლიკის შესახებ მნიშვნელოვანი წყაროები საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებშია დაცული. 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა არქივმა ახალი პროექტი წამოიწყო. ამ პროექტის ფარგლებში აღნიშნული დოკუმენტების ელექტრონული ასლები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ელექტრონულ კატალოგში განთავსდა.

პირველ ეტაპზე კატალოგში უკვე ხელმისაწვდომია ცენტრალური საისტორიო არქივის ე.წ. ჰარვარდისა და ლევილის კოლექციაში არსებული რამდენიმე ათასი დოკუმენტი. ეს მასალა 1996-1997 წლებში გურამ შარაძისა და მამია ბერიშვილის ძალისხმევით საქართველოში ჩამოიტანეს და ეროვნულ არქივს გადასცეს.

ეტაპობრივად კატალოგში განთავსდება პირველი რესპუბლიკის სხვა დოკუმენტებიც, მათ შორის, მამია და ქრისტინე ბერიშვილების ფონდი, რომლის დოკუმენტები ეროვნულ არქივს ტიერი ბერიშვილმა გადასცა.

ელექტრონულ კატალოგში დოკუმენტების მოძიება შესაძლებელია ფონდის, კიდური თარიღების, ენის, საკვანძო სიტყვებისა და აღწერილობის მეშვეობით. კატალოგი უნიკალურ საშუალებას აძლევს 1918-1921 წლებით დაინტერესებულ ისტორიკოსებსა და ნებისმიერ მოქალაქეს, სახლიდან გაუსვლელად მოძებნონ სასურველი დოკუმენტები და კვლევებში გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამ პერიოდით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მეცნიერებისთვის.

ამავდროულად, ელექტრონული კატალოგი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცოდნის ამაღლებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ.