ნოემბერი 548
en

2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები დღეს საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნეს. 

პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და საზოგადოებას ღირებული მონაცემები მიაწოდეს. კერძოდ, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 608 656 განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 301 976 ჰექტარს შეადგენს. 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და ტყის ფონდის გარდა დარეგისტრირებას ექვემდებარება 3 399 666 ჰა ფართობი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მიწის რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმის დაწყებამდე კი რეგისტრირებული იყო 1 212 173 ჰა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ამოქმედების შემდეგ კი ამ დროისთვის დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 1 514 149 ჰექტარია. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით იყენებს ბლოკჩეინის გლობალურ ქსელს და დღეისათვის ქსელში განთავსებულია მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის 21 თებერვლის - ბლოკჩეინის ქსელში საჯარო რეესტრის ჩართვის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებული ნებისმიერი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაც ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინახება. ბლოკჩეინში დაცული მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

რეფორმის ფარგლებში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი ლიდერობენ. 

რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 33 766 714 ლარი დაზოგეს. ამასთან, საკადასტრო აზომვითი ნახაზების სუბსიდირების პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდა, სახელმწიფომ 276 438 აზომვითი ნახაზის მომზადება 22 008 648 ლარით დააფინანსა; ასევე, 5 თებერვლის მონაცემებით, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიებში საჯარო რეესტრიდან 27 075 განცხადებაა გაგზავნილი, 56 273 განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს; სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1490 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებისთვის დაუღალავი შრომა გასწიეს როგორც საჯარო რეესტრის, ისე იუსტიციის სამინისტროს სხვა სსიპ-ების თანამშრომლებმა. თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის სამსახურების თანამშრომლებს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა. მინისტრი მიესალმა პრეზენტაციაზე მოწვეულ იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც ისარგებლეს გამარტივებული პროცედურებით და მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს. 

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოდ შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.