ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის დელეგაცია ბელგიაში იმყოფება


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ხელმძღვანელობით ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში „ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრები გამართა უცხოელ კოლეგებთან. ფინეთის, მალტისა და პოლონეთის არქივების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და დიგიტალიზაციის საკითხები. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის სახელმწიფო არქივის დირექტორი ვლადისლავ სტეპნიაკი 2014 წელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ეროვნულ არქივს.

თეონა იაშვილი, ასევე, შეხვდა გვარის ისტორიისა და გენეალოგიური კვლევის ცენტრის წარმომადგენლებს. ცენტრი დახმარებას უწევს არქივებს, გენეალოგიური კვლევების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განხორცილების დანერგვაში.

ვიზიტის ფარგლებში მოხდა შეთანხმება, რომ არქივების ევროპულ პორტალსა (APEx) და ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რის საფუძველზეც პორტალზე განთავსდება ინფორმაცია ეროვნული არქივის, მისი დოკუმენტებისა და კოლექციების შესახებ, რაც ქართულ დოკუმენტებს ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ეროვნული არქივის დელეგაცია ეწვია ქალაქ გენტის არქივს, ასევე, ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტს, სადაც გაეცნენ აქ დაცულ კოლექციებს, უწყების მუშაობის პრინციპს, რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას; ისაუბრების მომავალ თანამშრომლობაზე, ერთობლივ გამოფენაზე, რომელიც ძმები მიულსების არქივის გამოყენებით მომავალ წლის სექტემბერში ეროვნულ არქივში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის დელეგაციამ 2013 წლის სექტემბერში არქივს გადასცა ბელგიელი ძმების მიულსების შთამომავლების მიერ შეგროვილი მასალის ელექტრონული ასლები, რომლებიც 1909-1926 წლებში ბელგიელი ძმების საქართველოში სამრეწველო საქმიანობას ასახავს. აქ აღწერილია იმ პერიოდის საქართველოს კულტურული და სამრეწველო ცხოვრება; ფოტოებზე ასახულია მანგანუმის საბადოები, ტექნიკური აღჭურვილობა, მუშათა ურთიერთობები, სოფლის მცხოვრებლები, მათი ტრადიციები, ბუნების ხედები და სხვა.