ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის პალიმფსესტების ამოკითხვა შესაძლებელი გახდება

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 20-მდე პალიმფსესტური ფურცლის დიგიტალურ ვერსიას სპექტრული გადაღების ტექნოლოგიით ამზადებენ, მიზანი კი, ერთი მხრივ,  პალიმფსესტების ქვედა ფენის წაკითხვის შესაძლებლობის გაზრდა და, მეორე მხრივ, ხელნაწერის დაზიანებული ტექსტის ამოკითხვაა. 

პალიმფსესტების სპექტრული გადაღების საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია ეროვნულ არქივში გაიმართა. პროგრამა LAZARUS Project-ისა და  ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (EMEL) ერთობლივი, საპილოტე ღონისძიებაა. ის მიზნად ისახავს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას დაზიანებული ხელნაწერების ამოკითხვისა და პალიმფსესტების კვლევის საქმეში.

პროექტში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები -  LAZARUS Project-ის დირექტორი გრეგორი ჰეივორსი, ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (EMEL) დირექტორი მაიკლ ფელფსი და ოპტიკური გამოსახულების სპეციალისტები ეროვნული არქივში დაცულ პალიმფსესტებს 3 და 4 აგვისტოს გადაიღებენ.

გადასაღებად შერჩეულია შემდეგი პალიმფსესტები:

  • სახარება - ხელნაწერის ძირითადი ნაწილი პალიმფსესტურია, მათ შორის ერთი ფურცელი - სამფენიანი (X, XII-XIII, XIV საუკუნეები). შრიფტი - ასომთავრული და  ნუსხური
  • მარხვანი - პალიმფსესტური ფურცლების ქვედა ფენა - სომხური ტექსტი (X, XIV საუკუნეები). ხელნაწერის ქართულ ნაწილში შრიფტი - ნუსხური

ამავე პროექტის ფარგლებში (ამავე აპარატურით) წარმატებით განხორციელდა  სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული პალიმფსესტების; ვერჩელის კათედრალის დაზიანებული ხელნაწერებისა და რუკების; იელის უნივერსიტეტის „ბეინეკეს იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკაში“ არსებული  გაურკვეველი ტექსტების აღდგენა.