ნოემბერი 548
en

გამოფენა „საქართველოს მოპარული ისტორია“ ხსოვნის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა

გაზეთ „პრაიმტაიმის“ მიერ ორგანიზებული ხსოვნის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში დღეს გამოფენა „საქართველოს მოპარული ისტორია“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და შს სამინისტროს საარქივო სამმართველოს მასალები. 
გამოფენა გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე. მეორე ნაწილი მოიცავს გასაბჭოების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, შს სამინისტროს საარქივო მასალების მიხედვით. 
ეროვნული ბიბლიოთეკის მხრიდან ექსპოზიციაზე გამოტანილია 1921 წლამდე საქართველოში გამომავალი უცხოენოვანი გაზეთების ორიგინალები, კერძოდ, ერთი ფრანგული და ორი ინგლისურენოვანი გაზეთი. 
ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თეონა იაშვილის ინფორმაციით, ეროვნული არქივის ექსპონატებიდან ჩანს, რამდენად ინტეგრირებული იყო საქართველო ევროპასთან კულტურის, ეკონომიკის, განათლების სფეროში და რა დიპლომატიური კავშირები არსებობდა საქართველო-ევროპას შორის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში. 
ფოტო და წერილობით დოკუმენტებთან ერთად დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს კინოკადრები, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდეა გადაღებული, კერძოდ 1910 წელი – ბანკის კურთხევა, 1918 წლის 14 დეკემბერი – სახალხო გვარდიის დღე თბილისში, 1920 წელი – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის შესვლა აჭარაში, 1920 წელი – ევროპის სოციალისტთა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია თბილისსა და ბათუმში, 1920 წელი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი, 1920 წელი – ქართული ტანვარჯიშის საზოგადოება "შევარდენის" ვარჯიში. 
გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართა "პრაიმტაიმისა" და შს სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ მომზადებული ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს გასაბჭოების თემას ეძღვნება. 
გამოფენა ეროვნული მუზეიმის საგამოფენო სივრცეში 12 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.