ნოემბერი 548
en

ლექცია ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის

ქართული ფოტოგრაფიის ისტორიის მკვლევარმა, ლუარსაბ ტოგონიძემ, ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის  ისტორიული ფოტოების იდენტიფიკაციის თემაზე ლექცია წაიკითხა; ისაუბრა იმ თანამედროვე მეთოდებსა და საშუალებებზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ფოტოზე გამოსახული პირების ვინაობის, ფოტოს ავტორის ან გადაღების თარიღის დადგენა.
ჩვენამდე მოღწეული ფოტოების ნაწილი გაუშიფრავია. რიგ შემთხვევაში მასზე მითითებული ინფორმაცია არასრული ან არასწორია. სწორედ ამიტომ ეროვნულ არქივში მუდმივად ზუსტდება ან სწორდება  ფოტოების აღწერილობა.

ლუარსაბ ტოგონიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მეთოდებზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი ხდება ფოტოზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიკაცია (საარქივო წყაროების გამოყენებით, საეკლესიო იერარქიის შესაბამისად და სხვა), ფოტოს ავტორის (ფოტოსალონების ინტერიერის მიხედვით) ან გადაღების მიახლოებითი თარიღის დადგენა (ფოტოს ქაღალდის ტიპის, საარქივო დოკუმენტების და სხვა დეტალების მიხედვით). იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ მიმართულებით და ჩატარებული კვლევის შედეგები ეროვნული არქივის თანამშრომლებს გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში 438 212 ფოტოდოკუმენტია დაცული. პირველი ფოტოგრაფიული სურათები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, გადაღებულია ივანიცკის მიერ 1858 წელს. მათზე   აღბეჭდილია თბილისისა და მცხეთის ხედები.
არქივში, ძირითადად, თავმოყრილია: ალექსანდრე როინიშვილის, კონსტანტინე ზანისის, ნიკოლოზ საღარაძის, ედუარდ კლარის, დიმიტრი ერმაკოვისა და სხვათა ნამუშევრები.