ნოემბერი 548
en

მარო თარხნიშვილის ფონდის მიმოხილვა

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დაცული ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვა ამჯერად პირველი ქართველი ლოტბარი ქალის მარო თარხნიშვილის ფონდს შეეხება.
აღნიშნული ფონდი საქართველოს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას 1978 წელს მისმა ქალიშვილმა თამარ თარხნიშვილმა და 1986 წელს შვილიშვილმა, მარიამ კვალიაშვილმა უსასყიდლოდ გადასცეს. ფონდის მდიდარი მასალა მოიცავს ქართული ფოლკლორის მოამაგის შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.
მარო თარხნიშვილის პირად ფონდში დაცულია დოკუმენტები მისი ხელმძღვანელობით არსებული ქართლ-კახური გუნდის საქმიანობის შესახებ.  კერძოდ, გუნდის მიერ 1927, 1935, 1940, 1965 წლებში ჩატარებული კონცერტების თაობაზე. აქვეა დაცული მარო თარხნიშვილის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერების `თოხნური~, `ჩავუხტეთ ბარათაშვილსა~, `გაფრინდი შავო მერცხალო~ და სხვა ჩანაწერები მაგნიტოფირზე.
ყურადღებას იპყრობს 1920 წელს გადაღებული ქართლ-კახური ანსამბლის ჯგუფური ფოტო, დების მარო და ეკატერინე თარხნიშვილების ფოტოსურათები ანსამბლის წევრებთან ერთად.
ქართული ხალხური მუსიკის მოამაგის ცხოვრებაზე საინტერესო შთაბეჭდილებებს გვიქმნის მისი მოგონებები. პირველი მოგონება დაკავშირებულია 1909 წელს გორში ჩატარებულ კონცერტთან, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილის, შალვა დადიანისა და სხვათა გვერდით გამოდიან დები თარხნიშვილები. კიდევ ერთი მოგონება საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს ეხება. 1918 წელს დები თარხნიშვილები მონაწილეობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ გამართულ ზეიმში. 1919 წელს ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილისა და მელიტონ ბალანჩივაძის თხოვნით კონსერვატორიის დარბაზში გამართულა კონცერტი ორ განყოფილებად, პირველ განყოფილებაში მონაწილეობდა მარო თარხნიშვილის შვიდკაციანი გუნდი, ხოლო მეორეში გამოვიდნენ მისი შვილები ვანო, თამარი და ნუნუ, რომლებიც იმ ხანად მხოლოდ 8, 6 და 4 წლისანი იყვნენ. ბავშვების მიერ შესრულებულმა რთულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა იქ დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.
1921 წლიდან მარო თარხნიშვილი, ოჯახური მდგომარეობის გამო, თავს ანებებს კონსერვატორიას, რამაც, რა თქმა უნდა, ძლიერ დასწყვიტა გული მის პროფესორებს, რომლებსაც სურდათ მისი გაგზავნა იტალიაში, თუმცა იგი ხელს ჰკიდებს ქართული ხალხური სიმღერების შეკრებას, შესწავლას, დამუშავებას და მათ ესტრადაზე გამოტანას. არ დარჩენილა საქართველოს არც ერთი კუთხე, სადაც თარხნიშვილს ამ მისიით არ ემოგზაუროს. ფონდში ინახება მის მიერ დამუშავებული და ნოტებზე ჩაწერილი ხალხური სიმღერების სია. ესენია: `ურმული~, `ჭონა~, `მუშური~, `დაიგვიანეს~, `ოროველა~, `კახური ნანა~ და სხვ.1917 წლიდან 1930 წლამდე თარხნიშვილი მუშაობდა პედაგოგად მე-18 შრომით სკოლაში, სადაც სწავლობდა იოსებ ნონეშვილი. ფონდში დაცულია იოსების ლექსი მიძღვნილი თარხნიშვილისადმი.
საინტერესოა მარო თარხნიშვილის ქალიშვილის წერილი სტალინისადმი (1939 წ.), სადაც თამარი საბჭოთა კავშირის ბელადს მფარველობას სთხოვს მისი ოჯახის შევიწროებული მდგომარეობის გამო.
აქვეა მარო თახნიშვილის ლექსები, დღიურები, მისი მონაწილეობით ჩატარებული კონცერტების პროგრამები და აფიშები, ასევე,  წერილები მისი ხელმძღვანელობით არსებული გუნდის გამოსვლების შესახებ. 
ფონდში დაცულია ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის ლ. კანდელაკის მოხსენებითი ბარათი ხელოვნების მუშაკთა კავშირისადმი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით არსებული ქართლ-კახური სიმღერის გუნდის მიერ 1941 წლის ივლისიდან 1945 წლის მაისამდე ჩატარებული საშეფო მუშაობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ სამამულო ომის პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ გუნდამა ჩაატარა 273 საშეფო კონცერტი, რაც ამ დროისთვის არანაკლები გმირობა იყო, ვიდრე თვით ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა.
ეროვნული საარქივო ფონდში დაცული სხვა მასალების მსგავსად, ამ ფონდის გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.