ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი დაესწრო.

„განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეროვნულ არქივში ნიკო ნიკოლაძის საქმიანობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული გამოფენა გაიხსნა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან ერთად. მან საფუძველი ჩაუყარა ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს და ის ცნობილია იმ პუბლიკაციური ნაშრომებით, რომლებითაც წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ესაუბრებოდა,“ განაცხადა დავით ჯანდიერმა.

როგორც ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა, „გამოფენაზე წარმოგენილი ფოტოები იმ პერიოდის საქართველოს განვითარების სხვადასხვა სფეროს ასახავს. ფართო საზოგადოებას დღეს პირველად მიეცა საშუალება ამ უნიკალურ ფოტომასალას გაცნობოდა. კოლექციაში დაცული მინის ნეგატივების ციფრულ ფორმატში გადატანის შემდეგ, მასალა უკვე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი.“

ნიკოლაძე-ღამბაშიძეების კოლექციიდან წარმოდგენილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული, ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავენ. ვახტანგ ღამბაშიძე ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტიმოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს ისტორიული ღირებულების მქონე, აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება.

ფოტოები გადაღებულია ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ მე-19 საუკუნის 70-იან - მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. ექსპოზიციაზე 37 ფოტოა წარმოდგენილი.
1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ გადასცა. ნიკოლაძეების კოლექციაში შედის 1958 წელს ალპური კლუბიდან მიღებული ნეგატივებიც. 2012 წლის დასაწყისში მედეა თაბუკაშვილმა არქივს ვახტანგ ღამბაშიძის მიერ გადაღებული, ნინო პალტარაცკაიას დაკრძალვის კადრები, თბილისისა და სტამბოლის ხედები გადასცა. ამავე წელს პარიზში მცხოვრებმა რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს ჩააბარეს ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული 157 ნეგატივი მინაზე.

გამოფენა ეროვნულ არქივში 10 ივლისამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.