ნოემბერი 548
en

„რუსუდანიანს“ რესტავრაცია ჩაუტარდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ მე-18 საუკუნის „რუსუდანიანს“ დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში  რესტავრაცია ჩაუტარდა.
XVIII საუკუნეში გადაწერილი წიგნი ქაღალდზეა შესრულებული, ფურცლის ზომაა 29X21 სმ. მხედრულ ხელნაწერს სათაურები სინგურით (წითელი მელნით) აქვს გაფორმებული. ნაწარმოები 434 ფურცლისაგან შედგება.
ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის ცნობით, წიგნის ფურცლობრივი დეზინფექციის შემდეგ შეირჩა სარესტავრაციო სამუშაოების მეთოდიკა, მოხდა მელნის ტესტირება, ნაწერის გამაგრება, დაზიანებული ფურცლებისა და ტყავის ყდის აღდგენა. წიგნი ხელახლა აიკინძა.
,,რუსუდანიანი’’ ქართული მწერლობის ძეგლია. მკვლევარები მას XIII-XV საუკუნეების ნაწარმოებს მიაკუთვნებენ. ავტორი უცნობია. აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე, ტექსტზე დაყრდნობით, აკეთებს დასკვნას, რომ ,,რუსუდანიანი’’ დამუშავდა დადიანების სამეფო კარზე. ფაბულა, ძირითადად, წარმოადგენს 12 ზღაპრის ერთობლიობას, რომლებსაც აერთიანებს რუსუდანისა და მანუჩარის სიყვარულის, დაქორწინების და მრავალი თავგადასავლის ამბები.
ხელნაწერი გადაწერილია ბატონიშვილ იოვანეს მეუღლის ქეთევან წერეთლის ბრძანებით, დაახლოებით 1788 - 1790 წლებში. 
ხელნაწერი იწყება სიტყვებით: ,,ღმერთო ადღეგრძელე საქართველოს მეფის სძალი, იმერეთის სალთხუცის წერეთლის ასული ქეთევან, მემცხედრით და ძით თვისით გრიგოლით“.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, უნიკალური დოკუმენტების რესტავრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა მომავალი თაობებს ეროვნული საგანძური დაუზიანებლად შემოვუნახოთ.