ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის ანგარიში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, არაერთი პროექტი განახორციელა და სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად იმუშავა.

შემუშავდა ეროვნული არქივის განვითარების 3-წლიანი სტრატეგია. წლის განმავლობაში ეროვნული საარქივო ფონდი შეივსო წერილობითი, კინო, ფოტო და ფონოდოკუმენტებით, მათ შორის: მმართველობითი შინაარსის 12 ათასზე მეტი საარქივო საქმით, 145 კინო -, 280 ფოტო - და 26 ფონოდოკუმენტით.

გაიცა 16 ათასამდე საარქივო ცნობა, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში – 38 ათასამდე ცნობა და მიწის სპორადული რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში – 77 ათასამდე ცნობა. აქტიური იყო მკვლევართა მომსახურებაც – საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1056 მკვლევარს მოემსახურა.

2021 წელი გამორჩეული იყო დოკუმენტების რესტავრაციის მიმართულებითაც: 18-თვიანი მუშაობის შემდეგ დასრულდა XII საუკუნის იმ ოთხთავის რესტავრაცია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის თემის წმინდა გიორგის ტაძარში ინახება. გარდა ამისა, რესტავრაცია ჩაუტარდა არქივში დაცულ 17 ათასამდე ფურცელს.

დოკუმენტების დედნების უკეთ დაცვისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ეროვნული არქივის დოკუმენტების დიგიტალიზაციის ჯგუფმა ციფრულ ფორმატში გადაიტანა  წერილობითი დოკუმენტების 1100 ათასი გვერდი, 440 კინოდოკუმენტი, 3 ათასამდე ფოტო, 207 აუდიოჩანაწერი. დაიწყო 1935-2005 წლების საკომლო ჩანაწერების გაციფრულება და ანოტირება.

ონლაინფორმატში ჩატარდა ეროვნული არქივის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“. განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - დისტანციურად გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი სკოლებისთვის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოეწყო 5 გამოფენა, გამოიცა 3 წიგნი: „სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები“, „მეფე ერეკლე“ და „მარო თარხნიშვილის მოგონებები“.

ეროვნული არქივის კინოდარბაზმა 6 კინოჩვენებას უმასპინძლა, ასევე ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ჩატარდა რეტროსპექტივა „ქართული კინო 1920-1930“, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იყო ეროვნულ არქივში ციფრულად აღდგენილი 21 ფილმი.

რკინიგზის ევროპულ წელთან დაკავშირებით ევროპულ საარქივო პორტალზე (APEx) გამოქვეყნდა ფოტოები საქართველოს რკინიგზის თემატიკაზე; კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად შეიქმნა ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტი; ეროვნული არქივის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე განთავსდა 5 ვირტუალური გამოფენა, 10 მულტიმედიური გვერდი და 15 საარქივო კოლექცია. 

ეროვნულმა არქივმა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაზე საკუთარი პროექტები წარადგინა; ელექტრონული არქივირების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა ბრიტანეთის, სლოვენიისა და ესტონეთის ეროვნულ არქივებთან; მომზადდა ახალი ნომინაცია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში წარსადგენად. 

2021 წელს ახალციხეში გაიხსნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის ახალი შენობა, რომელშიც განთავსდება ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის საარქივო ფონდები.