ნოემბერი 548
en

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გამართა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1924 წლებით დათარიღებული წერილობითი, ფოტო, კინო და ფონო დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესს, მისი მთავრობის მოღვაწეობას, საქართველოში განვითარებული მოვლენებს.

„26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა საქართველომ, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რადგან ამისათვის ქვეყნის შიდა ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ პირველი რესპუბლიკის დროს არსებული სირთულეები დღესაც აქტუალურია. იმედი გვაქვს, რომ დღეისათვის საქართველოს შიდა რესურსები ნებისმიერ შემოტევას გაუძლებს და სირთულეების შემთხვევაში მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა არ მოგვაკლდება.

აქვე წარმოდგენილია ფოტოქრონიკა, რომელიც საქართველოში საბჭოთა ჯარის შემოჭრას ასახავს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაცვის საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სფეროში საქართველო დღეს წარმატებული სახელმწიფოა, ვიმედოვნებ, რომ არ განმეორდება პირველი რესპუბლიკის მიმართ დაშვებული შეცდომები და ნებისმიერი აგრესია საქართველოს მიმართ ჩვენს მიერ აღკვეთილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ მასალებს შორისაა: საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონები, მთავრობის წევრთა წერილები და დადგენილებები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წერილი მეტეხის ციხიდან, საქართველოს დამფუძნებელი კრების აქტი დამოუკიდებლობის შესახებ და სხვა დოკუმენტები.

გამოფენაზე წარმოდგენილი კინოქრონიკა ეხება 1918-1920 წლებში გამართულ საზეიმო აღლუმებს, II ინტერნაციონალის წევრების სტუმრობას თბილისსა და ბათუმში; აუდიოჩანაწერებში 1920-1924 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ უროტაძე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ელისე პატარიძე.

გამოფენა 14 ივნისამდე ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაგრძელდება.