ნოემბერი 548
en

ვილნიუსში პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

ვილნიუსში, ლიტვის სახელმწიფო არქივის საგამოფენო სივრცეში, დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. 

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიტვის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის კულტურის სამინისტროს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის საისტორიო და უახლესი ისტორიის არქივების, კაუნასის არქივისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. აქვე წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც წარმოაჩენს  საქართველო-ლიტვის ურთიერთობას 1918 -1921 წლებში.

ექსპოზიციაზე იხილავენ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარ მიღწევებს:

საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან 117 წლის შემდეგ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი თანამედროვე ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული რესპუბლიკური წყობის სახელმწიფო. ახლად შექმნილ რესპუბლიკას ჰქონდა  ეროვნული სიმბოლოები: დროშა, გერბი და ჰიმნი.

1919 წელს საქართველოში ჩატარდა დამფუძნებელი კრების თავისუფალი, პირდაპირი, საყოველთაო, პროპორციული არჩევნები. მასში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტმა, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალებს მიენიჭათ ამომრჩევლის როგორც პასიური, ისე აქტიური ხმის უფლება. ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა სიებში მყოფი ოცზე მეტი კანდიდატიდან ხუთი ქალი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი პროგრესული შინაარსის მატარებელია. 

გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველო-ლიტვის 100 წლის წინათ ჩამოყალიბებულ დიპლომატიურ ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ ლიტვას ამიერკავკასიაში ჰქონდა ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური მისია, რომელმაც ხელი შეუწყო ორ ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განვითარებას.

გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიის ლიტვური საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისში გამართული კავკასიაში მცხოვრებ ლიტველთა ყრილობის, თბილისში მცხოვრებ ლიტველთა მუსიკალური გუნდის ფოტოებს, კავკასიაში ლიტვის საბჭოს წევრების პ. დაილიდეს, პ. ვილიეშის, ბ. სიპავიჩიუსის, ა. მარცინკევიჩიუსის სამსახურებრივ და პირად დოკუმენტებს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას, პარიზის სამშვიდობო კონფერენციისა და ერთა ლიგის ფარგლებში ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობების შესახებ დოკუმენტაციას, რომლებიც ასახავს ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ.

გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, ლიტვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივსა და კაუნასის რეგიონალურ არქივში.

გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება.