ნოემბერი 548
en

2012 წლის 6 თვის განმავლობაში ეროვნული არქივის მომსახურებით 22 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2012 წლის 6 თვის განმავლობაში 22 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა.
 საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი არქივებიდან  21021 თემატური და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობა გაიცა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხებით.
ამავე პერიოდში ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში იმუშავა 446 მკვლევარმა, მათ შორის 30 უცხოელი იყო (აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, ლიტვის, რუსეთის მოქალაქეები).
უცხოელი მკვლევარების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა თემები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-21 წლებში; სამხრეთ კავკასია საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკაში; ჩრდილო კავკასიელ ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა; დაღესტან-საქართველოს ისტორიულ-კულტურული კონტაქტები; მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა სამხრეთ აზერბაიჯანში; კავკასია მე-19-მე-20 საუკუნეებში; სახელოვნებო დაწესებულებები 1920-30-იანი წლების კავკასიაში და სხვ.
ცნობისათვის: საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა; აუდიოსტუდიაში ფონოჩანწერის დამზადება.
ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.