ნოემბერი 548
en

აჭარის საარქივო სამმართველო ეროვნული არქივის ერთიან ელექტრონულ სისტემაში

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. შესაბამისად, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, ელექტრონულ პროგრამაში ჩართული არქივების მომსახურება ადგილზე ჩაუსვლელად მიიღონ. 
პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგიტა ჭეჟიამ და აჭარის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა კახა სურგულაძემ დღეს ბათუმში გამართეს. 
გოგიტა ჭეჟიას ინფორმაციით, „დისტანციურ მომსახურებასთან ერთად, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ  ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებითაც. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს. ეროვნული არქივის ელექტრონული მომსახურება კომფორტული იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე, საჭიროების შემთხვევაში, ტურისტებისთვისაც, რომლებიც საკურორტო სეზონის დროს ეწვევიან აჭარას."
აჭარის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, „არქივში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული მმართველობის დანერგვა. უახლოეს მომავალში ჩვენთან დაცული მასალების ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა დაიწყება.
აჭარის საარქივო სამმართველოს გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, იმერეთის, გურიისა და შიდა ქართლის რეგიონების არქივები, ასევე, მცხეთის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის, გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, რუსთავის, დუშეთისა და თიანეთის ადგილობრივი არქივები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს. 
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.