ნოემბერი 548
en

აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. 

თანამშრომლობის ფარგლებში წიგნად გამოიცემა აკაკი ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობა; მოეწყობა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა, ჩატარდება აკაკი ჩხენკელისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ამასთან, თბილისში დაგეგმილია აკაკი ჩხენკელის სახელობის სკვერის გახსნა და მისი ბიუსტის განთავსება. ღონისძიებები ჩატარდება ასევე რეგიონების მასშტაბით.

სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.