ნოემბერი 548
en

„აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში“ - საიუბილეო ჩვენება

პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჩვენება დღეს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოდარბაზში გაიმართა.

ფილმის ჩვენებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი,  კინომცოდნე გოგი დოლიძე, რეჟისორი ნანა ჯანელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარისას იუსტიციის მინისტრმა განაცხადა:  ეროვნული არქივი ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რომლის დაცვა და მომავალი თაობებისათვის შემონახვა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში - საიუბილეო ჩვენება„ეროვნული არქივი 2012 წლის დასაწყისიდან აღნიშნავს „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 100 წლის იუბილეს, ჩვენს საცავებში ვინახავთ არამხოლოდ კინოფირებს, არამედ ფოტოებსა და ვასილ ამაშუკელის მოგონებებს, რომელიც პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის გადაღებას შეეხება“, - აღნიშნა საიბილეო ჩვენებაზე სიტყვით გამოსვლისას ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა.

1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა.

ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან და იმ კადრებიდან, რომელიც მგოსნის მოგზაურობას შეეხება, ცხადი ხდება, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე აკაკის სტუმრობას.

კინოოპერატორი იგონებს, რომ მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა, მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოსწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული - ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველი, მანდილოსნებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი, შეხმატკბილებულად მღეროდა და აყოლებდა ძველებურ ფერხულს ფეხს. აკაკიმ ვასილ ამაშუკელი მიიხმო და სთხოვა: „არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო“.

კიდევ ერთი თხოვნა აკაკისა ვასილ ამაშუკელის მიმართ ნიკორწმინდის საგანძურისა და ფრესკების გადაღება იყო.

ფილმის ჩვენება 1912 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა, 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით სავსე იყო. ასეთივე წარმატებით აჩვენეს ფილმი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.