ნოემბერი 548
en

ახალციხეში არქივის შენობის სამშენებლო სამუშაოები განახლდა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის მშენებლობა ახალციხეში კორექტირებული პროექტით განახლდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, პროცესი განახლებული არქიტექტურული გეგმარებითი სტრუქტურით გრძელდება. სამშენებლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მშენებლობის ადგილას XVII-XIX საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა. 

არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენისთანავე მის შესწავლაში ჩაერთვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულმა მუზეუმმა. არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშის მიხედვით, აუცილებელი იყო  ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება, რის გამოც, კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, შეიცვალა საპროექტო შენობის არქიტექტურული გეგმარებითი სტრუქტურა ისე, რომ შენარჩუნდეს და არ დაზიანდეს არქეოლოგიური ფენა.

ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, შეიცვალა თავდაპირველი პროექტი, რომელიც შეთანხმდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან და სამუშაოები 2019 წლის 2 აპრილიდან განახლდა.

მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღი 2020 წლის მაისია. სსიპ საჯარო რეესტრის დაკვეთით მშენებლობას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ხომერიკი და კომპანია“.