ნოემბერი 548
en

ანჩის სახარების რესტავრაცია დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში XI-XII საუკუნეების ანჩის სახარების სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.

უნიკალური ისტორიული ძეგლის რესტავრაცია სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა.

ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში სარესტავრაციო სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე დადგინდა დაზიანებების ხარისხი და შეირჩა რესტავრაციის მეთოდი, ჩატარდა სახარების ფურცლობრივი დეზინფექცია, ტყავისა და ეტრატის დარბილება-დატენიანება, ნაწერებისა და გრავიურების გამაგრება, ფურცლების მშრალი წესით გაწმენდა.

რესტავრაციის მეორე ეტაპზე გაკეთდა დარბილებული ტყავის ყდისა და პერგამენტის ფურცლების გასწორება-გაჭიმვა, აგრეთვე, დამზადდა ხელოვნური პერგამენტი ფურცლების ნაკლული ადგილების შესავსებად. ხელოვნური პერგამენტი ბუნებრივი საღებავით დაიფერა ორიგინალის ფერზე.

მესამე ეტაპზე მოხდა ფურცლების უკმარისი ადგილების ხელოვნური პერგამენტით შევსება, ტყავის ყდის აღდგენა-გაპრიალება, აკინძვა, ყდაში ჩასმა და პირვანდელი სახის დაბრუნება.

ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანჩის სახარებას გამოკვლევა ჩაუტარდა. ექსპერტიზის შედეგად დაზუსტდა სახარების გადაწერის პერიოდი და ტყავის ყდაზე არსებული მწვანე თვალის სახეობა.

ანჩის სახარება შესრულებულია ეტრატზე, ნუსხური დამწერლობით.
სახარება წინა მხრიდან შეჭედილია ვერცხლით, შემკულია მწვანე მინით.
წმინდა წიგნს ახლავს მათე მახარებლის ფერადი მინიატურა.
ხელნაწერს ჰქონდა ბექა ოპოზარის მოჭედილი ყდა, რომელიც მოგვიანებით დაიკარგა. დღემდე მოღწეულია მე-16 საუკუნის ყდით.
სახარება 269 გვერდისგან შედგება, მათ შორის 3 გვერდი დაუწერელია.

უნიკალურ დოკუმენტს ბოლოში აქვს მინაწერი, სადაც სახარების გადამწერი ანჩელი მთავარეპისკოპოსი თევდორე მოიხსენიებს დავით სოსლანს, თამარ მეფეს, ლაშა გიორგისა და ოქროსმქანდაკებელ ბექას.

ანჩის სახარება 1923 წელს საისტორიო არქივისთვისთვის წალკაში მცხოვრებ მოქალაქეს გადაუცია.