ნოემბერი 548
en

ანონსი

6  ოქტომბერს, 18:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „კოტე მიქაბერიძე“ და გაიმართება მის შესახებ პირველი მონოგრაფიული გამოცემის პრეზენტაცია

ქართველ კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის და მხატვრის - კოტე მიქაბერიძის (1896-1973) - შესახებ გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივისა და საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.“-ს მიერ არის ორგანიზებული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო და საარქივო მასალა, ასევე კოტე მიქაბერიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა ნაწილი საჯაროდ პირველად გამოიფინება.

დარბაზში განთავსებულ მონიტორებზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმების ყველა შემორჩენილი და ხელმისაწვდომი ასლი. „ჩემი ბებიას“ (1929) გარდა, კინომოყვარულთა და პროფესიონალთა წრეებისთვის ნაკლებად ცნობილია მიქაბერიძის სხვა სარეჟისორო ნამუშევრები („ჰასანი“ (1932), „ქაჯეთი“ (1936), „ფორპოსტი“ (1941), „ალბანეთის დელეგაცია საქართველოში“ (1952) და სხვ.).

გამოფენის ფარგლებში გაიმართება საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.“-ს მიერ დასტამბული წიგნის - „კოტე მიქაბერიძე“ - პრეზენტაცია. წიგნი პირველი მოცულობითი მონოგრაფიაა რეჟისორის შესახებ. მასში თავმოყრილია კოტე მიქაბერიძის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტები 14 სხვადასხვა არქივიდან. თავში „რეპრესია 1957-1959“ წარმოდგენილია  მიქაბერიძის დაპატიმრებისა და გასამართლების  აქამდე გამოუქვეყნებელი  დოკუმენტები.

მონოგრაფიას წარადგენენ შემდგენელ-გამომცემლები და გამოფენის კურატორები: სოსო დუმბაძე და ნინო ძანძავა.

გამოფენა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.