ნოემბერი 548
en

არქივების საერთაშორისო კვირეული ეროვნული არქივში ანიმაციური ფილმების ჩვენებით გაიხსნა

არქივების საერთაშორისო კვირეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებით გაიხსნა. ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს ორი სეანსი მოეწყო.

ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით 2018-2019 წლებში დაიწყო პროექტი „რე-ანიმაცია“. ამ დრომდე ცხრა ქართული ანიმაციური ფილმი ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადაიტანეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. 

პროექტის შედეგად 1960-1980-იანი წლების ანიმაციური ფილმები დიდ ეკრანს ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა. ფილმებს შორისაა: „წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი); „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი); „სახლობანა“ (1973 წელი); „საზამთრო“ (1974 წელი); „თერძი ბესო“ (1977 წელი); „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983 წელი); „ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი); „სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი).

ამავე კვირეულის ფარგლებში ეროვნულ არქივში ხვალ, 7 ივნისს, 16:00 საათზე გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ გაიხსნება. ისტორიკოსი და ფილოლოგი სარგის კაკაბაძე საქართველოს ერონული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო.

სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივთა საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. მიმდინარე წელს კვირეული 3 ივნისს დაიწყო და 9 ივნისამდე გასტანს.