ნოემბერი 548
en

ელენე ახვლედიანის ესკიზებს რესტავრაცია ჩაუტარდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დაცულ, ელენე ახვლედიანის შესრულებულ ოთხ ესკიზს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ესკიზები გაიწმინდა მტვრისაგან, შეივსო ნაკლული ადგილები, ჩაუტარდა დეზინფექცია და კონსერვაცია.

ცნობილი მხატვრის ესკიზები 1947 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრში რეჟისორ დოდო ანთაძის თაოსნობით აღდგენილი კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლისათვის „როგორ“ შეიქმნა.  

ამავე სპექტაკლის სახელით თეატრში შენახული კინოფირი, რომელიც აქამდე გაუშიფრავი იყო და დადგმის ჩანაწერად ითვლებოდა, სპექტაკლში გამოყენებული 6 და 4-წუთიანი ხმოვანი კინოკადრები აღმოჩნდა. ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ფირი გაწმინდეს, დაზიანებული ადგილები შეაერთეს, გამოუცვალეს კოლოფები და ციფრულ მატარებელზე გადაიტანეს.

თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტლებით, სათანადო პირობებში შენახვისათვის კინოფირი ეროვნულ არქივში დარჩება.