ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივს ომარ კელაპტრიშვილის კოლექცია შეემატა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივს ომარ კელაპტრიშვილის მეუღლემ ციმი კელაპტრიშვილმა ცნობილი მუსიკოსის შემოქმედების ამსახველი ვიდეოკადრებისა და აუდიოჩანაწერების კოლექცია საჩუქრად გადასცა.

ვიდეოკადრების საერთო მოცულობა 9 საათსა და 30 წუთს შეადგენს. შინაარსობრივად მრავალფეროვანია, მათ შორისაა: სატელევიზიო გადაცემები ომარ კელაპტრიშვილისა  და მისი ანსამბლის შესახებ; დოკუმენტური ფილმი ომარ კელაპტრიშვილზე; შემოქმედებითი საღამოები, შეხვედრები, რეპეტიციები, საკონცერტო გამოსვლები.

რაც შეეხება აუდიოკოლექციას, მასში გაერთიანებულია ორიგინალი ჩანაწერები მაგნიტურ ფირზე და ასახავს ომარ კელაპტრიშვილის, ფოლკლური ანსამბლების „იავნანა“ და „კელაპტარი“ ჩანაწერებს. კოლექციის საერთო მოცულობა 8 საათი და 30 წუთია.

არქივისთვის ეს კოლექცია მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან დღემდე ომარ კელაპტრიშვილის შესახებ არქივში დაცული მასალა მწირი იყო.

კოლექცია საარქივო წესით დამუშავდა, რაშიც კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივს ციმი კელაპტრიშვილი დაეხმარა. გაიშიფრა და დაზუსტდა ვიდეო და აუდიო მასალა. ომარ კელაპტრიშვილის კოლექციის მასალები უკვე გადატანილია ელექტრონულ ფორმატში და შექმნილია სადაზღვევო და გამოყენების ფონდები.