ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობდა

დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს  პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი იაცეკ მილერი, პოლონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში პოლონეთის საელჩოს კულტურის ატაშე ლეხ კონჩაკი სტუმრობდნენ.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნულ არქივში, კირიონ მეორის პირად ფონდში დაცული პოლონური დოკუმენტები, რომელთა შესახებ პოლონელ კოლეგებს ინფორმაცია ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა მიაწოდა.

იაცეკ მილერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორიისკების სახელობის ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციიდან შეიძინა მასალები, მათ შორის ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები. პოლონური მხარე მასპინძლებს ამ დოკუმენტების ელექტრონული ასლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა.

ვიზიტისას დელეგაციის წევრებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი და რესტავრაციის ლაბორატორია დაათვალიერეს.