ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში დაცული კინომუსიკა ციფრულ მატარებელზეც შეინახება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მხატვრული ფილმების მუსიკის ფონოჩანაწერების მაგნიტური ფირებიდან ციფრულ მატარაბელზე გადატანის პროცესი მიმდინარეობს, რაც ამ უნიკალურ ფონოჩანაწერებს საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ქართული მხატვრული ფილმების მუსიკა, რომელიც ორკესტრის მიერ არის შესრულებული და კინომუსიკის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს. კოლექციაშია გასული საუკუნის 30-იანი შექმნილი ფილმების  მუსიკალური ნაწარმოებები. უძველესი ჩანაწერებია ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ფილმების - “უკანასკნელი მასკარადი“ (1934 წელი) და „არსენა“ (1937 წელი)  - მუსიკა, რომლის ავტორია გრიგოლ კილაძე. 
გარდა ამისა, ფონოარქივში დაცულია მუსიკა 200-მდე მხატვრული ფილმისა, მათ შორის:  „ვერის უბნის მელოდიები“ (კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე 1973 წელი); „მოიტაცეს თამარ ქალი“ (კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე 1971 წელი); „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (კომპოზიტორი გია ყანჩელი, 1968 წელი); „შერეკილები“ (კომპოზიტორი გია ყანჩელი, 1973 წელი); „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე,  1962 წელი) „სხვისი შვილები“ კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე, 1958 წელი); „ყვავილი თოვლზე“ (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, 1958 წელი); „გლახის ნაამბობი“ (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, 1961 წელი); „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, 1965 წელი); „აბეზარა“ (კომპოზიტორი სულხან ცინცაძე, 1956 წელი);  “თოჯინები იცინიან“ (კომპოზიტორი სულხან ცინცაძე, 1963 წელი) და სხვ. 
ეს ჩანაწერები წლების განმავლობაში თავს იყრიდა ეროვნული არქივის ფონო საცავებში. 
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში მიმდინარეობს ამ აუდიო დოკუმენტების გაციფრულების პროცესი, რაც მოიცავს ძველი სტანდარტის მაგნიტური ფირებიდან თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე გადაწერას. იქმნება ციფრული სადაზღვევო და გამოყენების ფონდები, რაც თავისთავად ამარტივებს ამ დოკუმენტებზე წვდომას. მკვლევარს მოკლე დროში შეუძლია მისთვის საინტერესო მასალის მოსმენა და შემდეგ მისი ასლის მიღება, ისე რომ არ შეეხოს ორიგინალ/დედან ჩანაწერებს.   
აუდიო დოკუმენტების გაციფრულების პარალელურად იქმნება ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც შედის ის დეტალური ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ ჩანაწერთან. უახლოეს მომავალში ეს ინფორმაცია განთავსდება არქივის ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ინტერნეტის საშუალებით გაეცნოს ეროვნული არქივის ფონოჩანაწერების კატალოგს.