ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში დაცული პირველი მსოფლიო ომის მასალები თურქეთში გამოიფინება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორატთან არსებული სტამბოლის ოსმალური არქივის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“.

19-21 მარტს ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო პრეზენტაცია და გამოფენა, რომელზეც  სხვა ქვეყნების საარქივო მასალასთან ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული ფოტოებისა და რუკების ასლები. მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის მონაწილეების, თურქეთის ფრონტიდან ნადავლის ევაკუაციის, ბაქოს პოლკის მობილიზაციის, რუსების მიერ დაკავებული თურქული სანგრების, ყარსის სამხედრო ტაძართან რუსული ჯარის ნაწილების, ჰასან-ყალეს ადგილობრივი მცხოვრებლების ამსახველი ფოტოები, ასევე დასავლეთის (რუსეთის) ომის თეატრის საგანგებო რუკა; ევროპის 1914-15 წელს მიმდინარე ომის რუკა და სხვ.

19 მარტს ქეთევან ასათიანი ღონისძიებაზე წარდგება პრეზენტაციით: „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებში“.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შეხვედრები პოლონეთის, ფინეთის, თურქეთის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების არქივების ხელმძღვანელებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობს არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) და მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის არქივები.