ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში დავით აღმაშენებლის უნიკალური საბუთებია დაცული

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიუძღვნა მიმოხილვა იმ დოკუმენტების, რომელიც  საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაშია დაცული და წმინდა მეფეს უკავშირდება. 
ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება საქართველოში დაცული, დღემდე მოღწეული დავით აღმაშენებლის მიერ გაცემული ორივე  საბუთის დედანი - 1104-1118 წლების წყალობის წიგნი და შიომღვიმის მონასტრისადმი 1123 წლის ანდერძის ფრაგმენტი, ასევე, მე-18 საუკუნეში გადაწერილი პირი 1125 წლის ანდერძისა, რომელიც მეფემ სიკვდილის წინ დაწერა. 
ეროვნულ საარქივო ფონდში ინახება, აგრეთვე, XV-XVII საუკუნეებში გაცემული რამდენიმე წყალობისა და შეწირულების განახლების წიგნი, რომლებშიც მოხსენიებულია დავით მეფის მიერ გაცემული სიგელები. 
საინტერესოა, ასევე, ხელნაწერ წიგნთა კოლექციაში დაცული XVIII საუკუნის ხელნაწერი, რომელშიც გადაწერილია არსენ მონაზონის შესხმა (ქება) დავით აღმაშენებელისადმი რუის-ურბნისის კრების მოწვევის გამო, სადაც  „უწესოდ” მოღვაწე ეპისკოპოსები „განსწავლა”. ამის გამო კრების სახელით არსენ მონაზონმა მეფეს მადლობა გადაუხადა. 
ნუსხა დავით აღმაშენებლის მიერ გაცემული საბუთებისა: 
ფ. 1448 ძველ საბუთთა დედნების კოლექცია 
1. 1123 წ. ანდერძი დავით აღმაშენებელისა შიო მღვიმის მონასტრისადმი. -უანდერძა ქართლში მდებარე რამდენიმე სოფელი, საეკლესიო ნივთები და სურსათი.Fფრაგმენტი. ეტრატი. ზომა 26X28, ნუსხა-ხუცური.ფ.1448, საბ.#2120. 

ანდერძის სრულ ტექსტს თავსა და ბოლოში ჰქონია დავით აღმაშენებელის მიერ მხედრული ხელით დაწერილი ხელრთვები, რომლის პალეოგრაფიული პირი გადაღებულია კალკაზე 1911 წელს სარგის კაკაბაძის მიერ (ფ.1449, საბ.#1477). 
„[ქ. თავს]დებითა ღ(მრ)თისაითა მე, დ (ა ვ ი) თ ს  მ(ი)წყი(ე)ს“.    
„ქ. სიმტკიცეო ყ(ოვე)ლთაო ღ(მერ)თო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“. 
2. 1104-1118 წ.წ. გადასახადებისაგან გათავისუფლების სიგელი დავით აღმაშენებლისა ნიანია ნიანიასძისადმი. ეტრატი. ბოლონაკლული. 
„აწ, გაგუიშუია ნიანია, მისითა მამულითა, ზითვად ნაქონები ვეძისხევითა, გაგუითავისუფლებია ყოვლისა გამოსავლისა და შესავლისა სახელმწიფოისა და სათხოვრისაგან და ყოვლისა...“ 
3. 1492-1497 წ.წ.  სიგელი ქართლის კათალიკოსის აბრაამ II აბალაკისა, მცხეთის „საყდრის შვილებთან“ ერთად დავით აღმაშენებლის მიერ  სვეტიცხოვლისათვის შეწირული სოფელ ჯიმითის საზღვრების შემოწმებისა და დადგენის შესახებ. ერთერთ საზღვრად მოხსენებულია დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული ჭიაბრის ეკლესია. ზომა 27,7X16,8. ფ.1448, საბ.#2041. 
„მე, პატრონი ქართლისა კ(ათალიკო)ზი და თავადნი, აზნაურიშვილნი და მცხეთისა საყდრიშვილნი, თანა მიახლნეს და ღვთივ გუირგუინოსნისა სანატრელისა დავით აღმაშენებლისა მეფეთამეფესაგან შემოწირულს მზღუარზედა დავიფიცეთ, თვით მე, პატრონი  კ(ათალიკო)ზმან პატრონმან აბალაკმან ჯიმითის სამზღუარი... მივადექით ჭიაბრის ეკლესიას თანა იორამდის, დავით აღმაშენებელს ეკლესია სამზღურად ჩაუდგამს ...“ 
ფ. 1449 ძველ საბუთთა პირების კოლექცია 
4. 1125 წ. ანდერძი წმიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისა. თავნაკლული (აკლია ორი სტრიქონი). #546 

თედო ჟორდანია, „ქრონიკების” II ტომში (1897 წელი) წერს: „ელისაბედ ზაალის ასულ თუმანოვის ხელნაწერებში ჩვენ ვიპოვეთ ქართველ წმიდათა ცხოვრება (მარტირიკა), XVIII საუკუნეში გადაწერილი (იოილ მესხიევის მიერ), რომელშიც გადამწერს შეუტანია წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ანდერძი, სიკვდილის წინ დაწერილი“. 
სწორედ ამ ანდერძის ერთერთი პირი ინახება განყოფილებაში. დედანი დაკარგულია. 
„თქუენ ყოველთა დიდებულთა და წარჩინებულთა სამეფოისა მისისათა  კათალიკოსთა  და ეპისკოპოსთა და ყოველთა  შეწყალებულთა...“ 
5. 1491 წ. ყმა-მამულის შეწირულების განახლების წიგნი იმერეთის მეფე ბაგრატისა მთის წმ. გიორგის ეკლესიისადმი. განუახლა დავით აღმაშენებლის მიერ შეწირული საეკლესიო ნივთები. #1565 
„თქვენ წმიდაო გიორგი მთის მთავარმოწამეო, რა გვარადაც დავით აღმაშენებლისა და  ძისა მისისა დიმიტრისაგან შემოწირული ყოფილიყო და ისევე ჩვენ მეფეთმეფემან... ბაგრატ... ვიგულისმოდგინეთ და ხელვყავით ახლად აღშენებად და შემკობად...“ 
6. 1658-1660 წ.წ. სახელოს (ციხისთავობის) და ყმა-მამულის წყალობის განახლების წიგნი იმერეთის მეფე ალექსანდრესი ციხისთავ იოვანე ომადმანიძესადმი. განუახლა დავით აღმაშენებლის  მიერ მისი წინაპრებისათვის ნაწყალობევი ციხისთავობა, ვახანის ციხე, ქვაბი, მოლითი და სხვა. საბ.#49 
„...ჩვენის ტომის დიდებულის ხელმწიფის კურთხეულის დავით აღმაშენებელის გუჯარი მოიტანეთ თქვენის ოჯახის დიდებულობის და განგიახლეთ და ჩვენც ხელი მოგიწერეთ...“ 
ფ. 1446 ქართულ ხელნაწერთა კოლექცია 
7.  XVIII ს. შესხმა დავით აღმაშენებელისა მღვიმის წინამძღვარ მონაზონ არსენისაგან. (იმერეთის მღვიმის მონასტერი). ნუსხური. ეს შესხმა დავითის თანამედროვე არსენმა დაწერა კრების სახელით. 
მინაწერი მხედრულით - „ოდეს მეფეთმეფემან აღმაშენებელმან დავით კრება შეჰკრიბა ქართლით რუისსა და ურბნისს შუა რომ მინდორი არის იქ და რომელნიც უწესოდ მცხოვრებელნი ეპისკოპოსნი იყუნენ, ამერნი და იმერნი. ისინი კეთილად განსწავლა და უდაბნოებთა შინა დაადგინნა ... და მონასტერთა შინა მოღვაწეთა მეუდაბნოეთა მამათა  მაღალ ღირსთა მოუწოდა და ესენი აკურთხნეს ეპისკოპოსად... და ამათ მაგიერ მოძღუარი მეფისა დავითის  და წინამძღუარი  მღუიმისა არსენი ამა ზემო ნაწერსა შესხმასა და მადლობას მოახსენებს მეფესა წმინდასა დავითს აღმაშენებელსა“. ხელრთვა - იოანე მღვიმელი.