ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში გამოფენა ”ერეკლე მეორეს საბუთები” გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გამოფენა "ერეკლე II-ის საბუთები" გაიხსნა. 

 ღონისძიებას, რომელიც ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა გახსნა, ესწრებოდნენ ისტორიკოსები ნიკო ჯავახიშვილი, მარიკა ლორთქიფანიძე, გიორგი ოთხმეზური, რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გია არსენიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა, სხვადასხვა ორგანიზაციის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები. 
გამოფენის გახსნაზე ისაუბრეს მეფე ერეკლე II-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის პიროვნულ თვისებებზე, იმ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებზე, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული და რომლის მეშვეობით მეფის ცხოვრებაზე უამრავი საინტერესო ცნობაა შემონახული. 
გამოფენაზე წარმოდგენილია მეფე ერეკლე II-ის მიერ 1736-1797 წლებში გაცემული საბუთები: წყალობის წიგნები, ბრძანებები, განაჩენები, არზა-ოქმები, განწესებები, პირადი ხასიათის წერილები. 
ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება ერეკლე II-ის მიერ გაცემული 1112 საბუთი. დოკუმენტები ასახავენ ერეკლეს მოღვაწეობის ყველა სფეროს და საშუალებას იძლევიან, გავეცნოთ არა მარტო მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საქმიანობას, არამედ მეფის სულიერ სამყაროსა და ადამიანურ თვისებებს. 
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთების დიდი ნაწილი ბეჭედდასმულია. დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ ერეკლეს შვიდი ქართულენოვანი ბეჭედი ჰქონია, რომელთაგან ორი ბატონიშვილობის დროისაა. თითოეულ ბეჭედს მეფე დოკუმენტის სახეობის მიხედვით იყენებდა. ყველაზე მნიშვნელოვანია ხუთენოვანი ბეჭედი წარწერით -"ერეკლე" - ქართულ, ბერძნულ, ლათინურ, სომხურ და სპარსულ ენებზე, რომელიც ერეკლე II-ის მხოლოდ ერთ, კერძო წერილზეა შემონახული (ერეკლე II-ის წერილი თეკლა ბატონიშვილისადმი, 1781 წლის 29 დეკემბერი). 
დღესვე გაიმართა წიგნის "ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები" პრეზენტაცია. წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა კოლექციაში დაცული 1112 საბუთის აღწერილობა. 
აღწერილობა გამოირჩევა მასალის სიმდიდრით. საბუთებში მკაფიოდ ჩანს იმდროინდელი საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ვითარება. 
წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს ფართო მკითხველს ერეკლე II-ის ცხოვრების უკეთ გასაცნობად. 
გამოფენა 10 დღეს გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია. 
მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი, N1.