ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სამი განახლებული სამკითხველო დარბაზი გაიხსნა.
სამკითხველო დარბაზები ცენტრალური საისტორიო არქივის, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის მკვლევარებს მოემსახურება.
”სამივე დარბაზში ყველა პირობაა შექმნილი მკვლევართა სამეცნიერო მუშაობისთვის. ცენტრალურ არქივებში დაცული 5 მილიონზე მეტი საარქივო დოკუმენტის მოძიებისა და შესწავლის გასამარტივებლად მკვლევართა განკარგულებაშია სამეცნიერო-საცნობარო აპარატი - მეგზურები, ფონდების აღწერები, კატალოგები, საძიებლები, თემატური ნუსხები, მიმოხილვები”, - აღნიშნა ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა.
მისი თქმით, დაწყებულია მუშაობა ქართულენოვანი კატალოგების ელექტრონულ ვერსიებზე, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მკვლევართა საქმიანობას.
”45 წელია, არქივში დაცული დოკუმენტების კვლევაზე ვმუშაობ. განსაკუთრებით ზამთარში, აქ მუშაობა შეუძლებელი იყო, დღეს კი კეთილმოწყობილი დარბაზი გვაქვს და თანამშრომელთა მომსახურებაც მაღალ დონეზეა”, - განუცხადა ჟურნალისტებს პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, რომელიც საისტორიო არქივის სამკითხველო დარბაზის ხშირი სტუმარია.
ეროვნული არქივის სამკითხველო დარბაზებში ყოველწლიურად სამასამდე მკვლევარი მუშაობს, მათ შორის მკვლევარები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.