ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული სისტემა დაინერგა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დღეს გაიმართა მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია, რომელშიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სხვები მონაწილეობდნენ.
„ამ პროგრამის ამოქმედებით ეროვნულ არქივში მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
თეონა იაშვილის ინფორმაციით, ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.
ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრირდება ყველა ის განცხადება, რომლითაც მოქალაქე ეროვნული არქივის მიმართავს. უახლოეს მომავალში განცხადების პასუხის ნახვა მოქალაქეს ელექტრონული ფორმით, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით შეეძლება.
სპეციალური პროგრამა ეროვნულმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შეიმუშავა. მომსახურების სფეროში მომუშავე ეროვნული არქივის თანამშრომელთათვის ვებპროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური სემინარები გაიმართა.
მომსახურების ელექტრონული პროგრამა პირველ ეტაპზე თბილისში დაინერგა, ეტაპობრივად კი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.