ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი 23-27 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შპს საქართველოს მელიორაციისა და ქალაქ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის თანამშრომლებისთვის სემინარს ატარებს.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი. 

თეორიული ცოდნის გარდა, მონაწილეები დაათვალიერებენ არქივებსა და საცავებს და ადგილზე გაეცნობიან ეროვნული არქივის საქმიანობის სპეციფიკას. სემინარი 27 აპრილს დასრულდება და უწყებრივი არქივების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სემინარებს პერმანენტულად ატარებს.