ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში საზაფხულო სკოლა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა საზაფხულო სკოლა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“ გახსნეს.
საზაფხულო სკოლას საქართველოს ეროვნული არქივი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით აწყობს.
დავით ჯანდიერმა სკოლის გახსნისას აღნიშნა, რომ ქართველი და უცხოელი მკვლევარები გაეცნობიან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, კონსტიტუციის მიღების პერიოდს, რომელსაც დღეს მოქმედი კონსტიტუცია ეყრდნობა.
თეონა იაშვილის თქმით, საზაფხულო სკოლის მსმენელთა შერჩევა რთული აღმოჩნდა, ვინაიდან დაინტერესება ძალიან დიდი იყო როგორ უცხოელ, ისე ქართველ მკვევართა შორის. ეროვნული არქივი გეგმავს, მომავალში ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების შესახებ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიება გამართოს.
საზაფხულო სკოლას 20 მსმენელი ჰყავს, მათ შორის უცხო ქვეყნის - 15 და საქართველოს 5 მოქალაქე. პროექტის მიზანია უცხოელი და ქართველი მონაწილეებისათვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ყოფის გაცნობა; უცხოელ მეცნიერთა ინფორმირება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ, 1918-1921 წლების დოკუმენტებზე; ლევილისა და ჰარვარდის კოლექციებში არსებული მასალების მნიშვნელობის წარმოჩენა რეგიონის ისტორიის კვლევისათვის; უცხო ქვეყნის სამეცნიერო წრეებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის კონტაქტების გაღრმავება.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს წამყვანი ქართველი სპეციალისტები 7 დღეში  ჩაუტარებენ 23 ლექციას, რომლებიც დაიყოფა 5 მოდულად: საქართველოს პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები; საქართველო და გარესამყარო; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია; ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, ადამიანის უფლებები, პრესა; პერსპექტივები, სამომავლო კვლეევის დაგეგმვა. ამასთან, მსმენელთათვის გათვალისწინებულია კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დათვალიერება. მონაწილეები  გაეცნობიან საარქივო დოკუმენტებს, შესაბამისი პერიოდის აუდიოვიზუალურ მასალას.
პროექტის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ ქართველი მეცნიერები: პროფესორები დიმიტრი შველიძე, ოთარ ჯანელიძე, მალხაზ მაცაბერიძე; ახალგაზრდა მეცნიერები - ისტორიის დოქტორანტები: ბექა კობახიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, დიმიტრი სილაქაძე, ასევე, ეროვნული არქივის თანამშრომლები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ასათიანი, ანტონ ვაჭარაძე და ნინო ძანძავა.