ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში სიმონ ესაძის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, კავკასიოლოგისა და კინოოპერატორის სიმონ ესაძის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. არქივის ხელმძღვანელობისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებას პროფესორი გოგი დოლიძე უძღვებოდა.

საიუბილეო საღამოზე მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ, პროფესორებმა: ვახტანგ გურულმა, ნათელა ურუშაძემ, კინორეჟისორებმა: რევაზ ჩხეიძემ, სიმონ ესაძის შთამომავალმა რევაზ ესაძემ და ვოკალურ-ფოლკლორულმა ანსამბლმა „ივერონმა".

ღონისძიების დამსწრეებს სიმონ ესაძის მიერ 1916-18 წლებში გადაღებული დოკუმენტური კინოსიუჟეტები გააცნეს. არქივის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, ესაძის ნაშრომები, წერილები და ფოტოდოკუმენტები.

სიმონ ესაძე იყო სცენარის ავტორი და სამხედრო კონსულტანტი ფილმისა „კავკასიის დაპყრობა"; მას ეკუთვნის სცენარები ფილმებისა: „ჰაჯი მურატი", ჩერქეზი ხალხის ტრაგედია ", „ზელიმ ხანი"; მისი აქტიური მონაწილეობით არის გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე". ამასთან, მას ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.

„სიმონ ესაძის პირადი ფონდი ეროვნულ არქივს 1927 წელს გადაეცა. თუმცა ამ მასალებიდან დღემდე არაფერი გამოფენილა. ვიმედოვნებ, ასეთი ღონისძიებების საშუალებით, ფართო საზოგადოება უფრო კარგად გაეცნობა ეროვნულ არქივში დაცულ ფონდს", - აღნიშნა ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა.