ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივი 17-20 სექტემბერს საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება.

14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.

კინოფესტივალი 2024 წლის 17-20 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება და გაიხსნება გიორგი შენგელაიას ფილმით „ალავერდობა“ (1962 წელი), რომლის ცენზურამდელი ვერსია ეროვნულ არქივს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. პირვანდელი სახით ფილმი შემონახულია კინოფირზე, რომელიც რეჟისორის ოჯახში ინახებოდა. კინოფესტივალი დაიხურება ქართული პროგრამის მეორე ფილმით, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხლით“ (1975 წელი). ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. ჩვენება მსახიობ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

წლევანდელი კინოფესტივალის სიახლე იქნება პანელური დისკუსია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის კინოინსტიტუციების წარმომადგენლები იმსჯელებენ თემაზე „კინო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული იდენტობა და სოციალური კონტექსტი“ და ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და შეხედულებებს კინოარქივების მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.

საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა. დასწრება თავისუფალია, ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/425761426664001 დაგეგმილი სეანსების შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies