საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. 4-დღიანი პროგრამა მაყურებელს რეჟისორის, პროდუსერისა და მსახიობის შემოქმედებას აცნობს.
ღონისძიება 28 მაისს გაიხსნა მხატვრული ფილმით „უბედურება, ანუ ადამიანური კომედია“; 29 მაისს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, სადაც გელა კანდელაკი მთავარ როლს ასრულებს.
30 მაისს პროგრამა დოკუმენტურ ფილმებს დაეთმობა. 16:00 საათზე წარმოდგენილი იქნება ფილმები: „დღეს“, „გრძელი ღიღინი“, „ფეხბურთი უბურთოდ“ და „ბავშვთა ნახატების გამოფენა“, ხოლო 18:00 საათზე კიდევ ერთი დოკუმენტური სურათის – „ხმელეთის 0,047%“ – ჩვენება მოეწყობა.
31 მაისს მაყურებელი იხილავს ანიმაციურ ფილმებს, რომელთა პროდიუსერიც გელა კანდელაკია: 16:00 საათზე – დათო თაყაიშვილის ფილმებს („ყორანი“, „ჭირი“, „მოლოდინი“), ხოლო 18:00 საათზე – დათო სიხარულიძის ნამუშევრებს („ეფემერა“, „იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოქალაქეობა“).
რეტროსპექტივა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და მხატვარმა, გელა კანდელაკის ქალიშვილმა, მარიამ კანდელაკმა გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, მეუფე დანიელი, ქართული კინოსა და თეატრის მოღვაწეები, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კინოსტუდია "ქართული ფილმის" წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.