ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივი 2015 წლის 9 თვეში 65 997 მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მიმდინარე წლის 9 თვეში 65 997  მოქალაქეს მოემსახურა, რაც 11 263-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს.

ეროვნული არქივის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებით წელს 64 572-მა მოქალაქემ ისარგებლა. არქივში დაცული მასალებიდან ყველაზე ხშირად მოქალაქეები ითხოვდნენ: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განათლების, სამუშაო სტაჟის, ქონებრივი უფლების დამადასტურებელი, გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობებს.

ამავე პერიოდში უახლესი, საისტორიო, კინოფოტოფონოდოკუმენტების, თბილისისა და ქუთაისის ცენტრალური არქივების, ასევე, სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის მკვლევართა დარბაზებში 1425-მა ადამიანმა იმუშავა, რომელთაგან 91 უცხო ქვეყნის (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, თურქეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, სომხეთი)  მოქალაქე იყო.

უცხოელი მკვლევარები მუშაობდნენ შემდეგ თემებზე: დიპლომატიური მისიები  საქართველოში 1829-1830 წლებში; ესტონელების დასახლება კავკასიაში; რუსეთის, ჩრდილოეთი კავკასიისა და სომხეთის ურთიერთობის ისტორია; თბილისის არქიტექტურა 1924-1945 წლებში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, ასევე, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში, ხოლო მკვლევარებს ემსახურება ცენტრალური არქივებისა და სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის დარბაზები.