ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე 19-20 ივნისს იტალიაში, ქალაქ რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „უდიდესი ომი. ანალიზი და ინტერპრეტაცია“ მიიღებს მონაწილეობას და წაიკითხავს მოხსენებას „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით“. 

მოხსენებაში გამოყენებულ საარქივო მასალებს შორის არის: წერილობითი დოკუმენტები, ფოტოები, რუკები. აღსანიშნავია, სამხედრო პირების შესახებ არსებული მასალები, რომელიც მათი მოღვაწეობისა და სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას; სხვადასხვა სამხედრო შენაერთს შორის გაგზავნილი მოკლე დეპეშები კავკასიის სამხედრო ფრონტზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე; სამხედრო მოქმედებათა ამსახველი ჩანაწერები, სადაც ბრძოლის მიმდინარეობის დეტალებია მოცემული; ასევე, სხვადასხვა საინტერესო რეპორტი თუ წერილი. 

დოკუმენტური მასალის გარდა, პირველი მსოფლიო ომის შესახებ არქივში დაცულია უამრავი უნიკალური ფოტო, რომელიც ასახავს სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენას, იმ პერიოდის ქალაქებს, მოსახლეობას, სამხედრო პირებს, ოფიცრებს, ტყვეებსა და სხვა.

ეროვნულ არქივში დაცული პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტთან დაკავშირებული მასალა მნიშვნელოვანია როგორც, ზოგადად, საკითხის შესწავლის, ისე კონკრეტული მოვლენების უცნობი დეტალების გამოვლენის კუთხით.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა თეორიასთან დაკავშირებულ ახალ დისკუსიებს, ასევე, ტრადიციული სტერეოტიპების გადახედვას პირველი მსოფლიო ომის ნაკლებად შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. 

კონფერენციის თემებია: საერთაშორისო პაექრობა; ომი და პოლიტიკა; სამხედრო ისტორია; კულტურა და საზოგადოება; სახელმწიფოებრიობის საკითხები.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს პირველი მსოფლიო ომის 100 წლის იუბილე აღინიშნება. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება რომში გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია რომის საპიენცის უნივერსიტეტი.

კონფერენციაში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.