ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის ახალი პროექტის „ელექტრონული კარტოგრაფია“ პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნულ არქივში დღეს ახალი პროექტის „ელექტრონული კარტოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, საჯარო რეესტრის სააგენტოს კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი ითვალისწინებს არქივში დაცული უნიკალური კარტოგრაფიული დოკუმენტების გამოვლენას, დიგიტალიზაციას, მონაცემთა ბაზისა და კატალოგის შექმნას. რუკების ელექტრონული კატალოგი და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა განთავსდება ეროვნული არქივის ვებგვერდზე (www.archives.gov.ge).

პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება საჯარო რეესტრის სააგენტო, სადაც დაცულია საბჭოთა პერიოდის ტოპოგრაფიული რუკები. ყველა რუკის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის ელექტრონულ კატალოგში, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი ბაზის შექმნას.

ეროვნული არქივის ხელმძღვანელის, თეონა იაშვილის განცხადებით, „საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა პერიოდის, მნიშვნელობის, შინაარსისა და ზომის ათასობით რუკა და გეგმაა დაცული, რომლებიც XVIII-XX საუკუნეებს მოიცავს. მათ შორის: ისტორიული, სამხედრო, გეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დაავადებათა გავრცელების და სხვა თემატიკის რუკები. ყველა ეს რუკა განთავსდება ელექტრონულ კატალოგში. მოხარულები ვიქნებით, თუკი პროექტში ჩაერთვებიან სხვა ორგანიზაციებიც, ისევე როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რაც  კარტოგრაფიული დოკუმენტების ერთიანი და სრული ბაზის შექმნის საშუალებას მოგვცემს“.

გეოგრაფიული არიალის მიხედვით, რუკებზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხე, კავკასია, ახლო თუ შორეული აღმოსავლეთი, ევროპა და სხვა. რუკებზე ასახულია ლორე-ტაშირი, სოჭი, ტაო-კლარჯეთი, დავით-გარეჯა, აფხაზეთი, სამაჩაბლო...

რუკების გარდა წარმოდგენილია თბილისის, ფოთის, ბათუმის, სოჭის, იერუსალიმის, პეტერგოფის, დარუბანდის, ბაქოს, ერზერუმის და სხვა ქალაქების გეგმები.

ყველაზე ძველი რუკები, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული, ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფიულ ატლასშია“  თავმოყრილი (1745 წელი). თუმცა, შინაარსობრივად, უძველესია სულხან-საბა ორბელიანის რუკის საფუძველზე შედგენილი და 1723 წელს გილიომ დელილის მიერ პარიზში გამოშვებული „კავკასიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა“ (ეროვნულ არქივში დაცულია ამ რუკის XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული გამოცემა).

რუკები შედგენილია ქართულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ ენებზე. ყველაზე დიდი ზომის რუკაა  2000X3000 მმ, ყველაზე პატარა კი - 90X140 მმ.
დოკუმენტების ციფრული ასლებისა და ანოტაციების შედგენა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს საარქივო დოკუმენტების (მათ შორის რუკების) სხვადასხვა საერთაშორისო საკატალოგე სისტემაში ინტეგრაციას. მაგალითად: არქივების ევროპული პორტალი APEX (http://www.apex-project.eu/), ევროპიანა - Europeana (http://www.europeana.eu/), ძველი რუკები ონლაინ (Old Maps Online) (http://www.oldmapsonline.org) და სხვა;

პროექტის საშუალებით მასალა ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის, გამარტივდება კარტოგრაფიული მასალის შესწავლა და, რაც მთავარია, გაუმჯობესდება დოკუმენტების დედნების დაცულობა.