ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის საიუბილეოდ 17-19 მაისს კინოთეატრ „ამირანში“ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.

ათწლეულების შემდეგ პირველად 11 დოკუმენტური ფილმი ფართო საზოგადოებამ დიდ ეკრანზე ნახა. მათ შორის იყო ცნობილი რეჟისორების ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები.  

რეტროსპექტივისათვის შერჩეული იყო მრავალფეროვანი თემატიკის ფილმები, რომლებიც გადაღებულია მე-20 საუკუნის 30-70-იან წლებში და ეროვნულ კინომემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. 

ღონისძიება გაიხსნა 17 მაისს დოკუმენტური ფილმით „მსოფლიო ტაშს უკრავს“, რომელშიც ასახულია ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მსოფლიო ტურნე 1959-1960 წლებში. ჩვენებას ლეგენდარული ანსამბლის წევრები დაესწრნენ და ფილმის გადაღების მომენტები გაიხსენეს.

 18 მაისს მაყურებელმა ნახა: „ბედნიერი ბავშვობა“, (ვლადიმერ ვალიევისა და ნიკოლოზ ნაგორნის ფილმი „სტალინური მზით გამთბარი სამშობლოს ბედნიერ და მხიარულ ბავშვობაზე“, 1936 წელი); „ოქროს მტევნები“ (შალვა მარტაშვილის 1951 წლის ფილმი საქართველოში მევენახეობის განვითარებაზე); „კლდის ვეფხვი“ (ოთარ გურგენიძის 1968 წლის ფილმი-პორტრეტი მთავმსვლელ მიხეილ ხერგიანზე); „თუჯი“ (ოთარ იოსელიანის ფილმი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე“, 1964 წელი); „აფხაზეთი გვიწვევს“, (ირაკლი ასათიანის 1978 წლის სარეკლამო ხასიათის ფილმი აფხაზეთზე).

19 მაისს „ამირანში“ ნაჩვენები იყო: „საბჭოთა საქართველოს 15 წელი“ (მიხეილ კალატოზიშვილი, 1936 წელი), „საქართველოს სპორტსმენები“ (შოთა მანაგაძის ფილმი ქართულ სპორტზე, 1952 წელი), „ათასწლეულის ბილიკებზე“ (გიორგი ასათიანის 1969 წლის ფილმი ქართულ არქიტექტურულ ძეგლებზე), „თბილისი“ (თენგიზ ნოზაძის  კინოჩანახატი თბილისზე, 1966 წელი). „ქართული საესტრადო სიმღერები“ (ირაკლი ასათიანის მუსიკალური ფილმი, რომელშიც შესულია ქართული საესტრადო სიმღერები გიული ჩოხელის, ანსამბლ „ივერიას“, ანსამბლ „ორერას“ და ნანი ბრეგვაძის შესრულებით, 1970 წელი).