ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის ექსპედიცია კახეთში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა დაიწყო ახალი პროექტი  „ეროვნული არქივის ექსპედიციები“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას. 

ეროვნულ არქივში დაცულია უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტები ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში  შეგროვილი მასალები კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს და მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ორი მთავარი მიმართულებით წარიმართება: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ისტორიული ძეგლების გადაღება და, ამა თუ იმ კუთხის ტრადიციების ასახვის მიზნით, ეთნოგრაფიული ჩანაწერების შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სიახლეებსა და აღმოჩენებს, რომლებიც სხვადასხვა ძეგლს უკავშირდება.

ექსპედიციებისათვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დღეს გრემისა და ნეკრისის ტაძრების ვიდეო და ფოტოგადაღებაზე იმუშავებს.