ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა.

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძემ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა მარიკა დიდებულიძემ გახსნეს.

სამდღიანი კონფერენციის 17 სექციაში განაწილებული პრეზენტაციები მრავალფეროვანია და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რესტავრაციისა და დოკუმენტების დიგიტალიზაციის სფეროებში არსებულ სიახლეებს აერთიანებს.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა  საქართველოს, პოლონეთის, ლიტვის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ინდონეზიის არქივების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების 100-ზე მეტი წარმომადგენელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამი პარალელური ღონისძიება - არქეოლოგის, პროფესორ ნოდარ ბახტაძის საინფორმაციო ხასიათის მოხსენება: „უძველესი ბაზილიკების არქეოლოგიური კვლევა ნაქალაქარ ნეკრესში“; დოკუმენტების რესტავრატორის, დალია იონინაიტეს სემინარი ეტრატის რესტავრაციის შესახებ; ლიტვის კინოცენტრის რესტავრირებული ფილმის “ბავშვები სასტუმრო „ამერიკიდან“ (1991 წელი) ჩვენება.

ეროვნული არქივის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება.