ნოემბერი 548
en

ეროვნული საარქივო ფონდი 2015 წელს მნიშვნელოვანი მასალით გამდიდრდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დაცულ დოკუმენტებს 2015 წელს შეემატა: 18 252 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი; 30 000-მდე დოკუმენტის ელექტრონული ასლი; 551 ფოტო; 367 ფონოჩანაწერი; 85 კინოფირი.

მათ შორისაა: XIX საუკუნეში გადაწერილი, „ვეფხისტყაოსნის“ დღემდე შეუსწავლელი ხელნაწერი; XVII-XVIII საუკუნეების უცნობი ხელნაწერის ფრაგმენტი; XV-XVI საუკუნეების ორი ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას მის ყდაში აღმოჩნდა; XIX საუკუნის მხედრული ძველნაბეჭდი სახარება; 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ძალისხმევით, ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივის ციფრული ვერსია ეროვნულმა არქივმა ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან ჩამოიტანა; აგრეთვე,  უკრაინის სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული ორი ისტორიული რუკის ციფრული ასლი საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა. 

გარდა ამისა, საარქივო ფონდს შეემატა: მხატვრული ფილმები – „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „იავნანა“, „გზა მშვიდობისა ჯაყო“, „მიხა“; ოთარ რამიშვილის 160-მდე სიმღერის ორიგინალი ფონოჩანაწერი; ილია ვეკუას, აკაკი ხინთიბიძის, ირაკლი ფაღავას, აკაკი გეწაძის, თენგიზ გიორგაძის, გარუნ აკოფოვის პირადი არქივები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, მათ შორის ახლად შემატებული ნებისმიერი დოკუმენტი თუ ფონდი, ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათი გაცნობა ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებშია შესაძლებელი.