ნოემბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა ბალეტმეისტერ ალექსი ჭიჭინაძის კოლექცია შეიძინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კერძო პირისგან შეიძინა ქართველი ბალეტის მსახიობისა და ბალეტმეისტერის ალექსი ჭიჭინაძის კოლექცია, რომელიც 1932-1967 წლებში გადაღებულ ფოტონეგატივებს აერთიანებს. ამიერიდან, კოლექცია ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში იქნება დაცული.

კოლექციაში თავმოყრილია XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საბალეტო სცენის ამსახველი მასალა. აქ შეხვდებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორიგინალური დადგმების ფოტონეგატივებს. მათ შორის ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტების - „მთების გული“, „ოტელო“, „ჟიზელი“, ამსახველ მასალებს. კოლექციაში ასევე დაცულია რამდენიმე ფერადი კადრი ფილმის „ქართული ბალეტის ოსტატები“ (რეჟისორი შოთა მანაგაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი) გადასაღები მოედნიდან, სადაც წარმოდგენილია ფრაგმენტები ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ თბილისის სცენაზე ადრეულ წლებში დადგმული ბალეტიდან „სინათლე“.

კოლექციაში გაერთიანებულ ფოტოებს შორისაა საგასტროლოდ ჩამოსულ უცხოელ მოცეკვავეთა (ბერილ გრეი („ჟიზელი“), მაია პლისეცკაია და ნიკოლაი ფადეეჩევი („გედების ტბა“), რაისა სტრუჩკოვა და სერგეი ლაფაური („საკონცერტო ვალსი“), ბორის ხოხლოვი („დონ კიხოტი“) და ა.შ.) წარმოდგენების ამსახველი მასალაც.

ალექსი ჭიჭინაძის კოლექციის შედარებით მცირე ნაწილი ქართული საბალეტო და სამუსიკო სცენის უფრო ადრეულ პერიოდს ეხება. აქ მოქცეულია კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის, დირიჟორ ივანე ფალიაშვილის, მათი ოჯახის სხვა წევრების, ასევე მომღერალ ნადეჟდა ბუზოღლის, ევგენი მიქელაძის, ბალეტმეისტერ დავით მაჭავარიანისა და სხვათა ჯგუფური და ინდივიდუალური პორტრეტები, ასევე რამდენიმე კადრი ალექსანდრე წუწუნავას მიერ დადგმული „აბესალომ და ეთერიდან“.

ალექსი ჭიჭინაძემ მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1941 წელს დაამთავრა. 1944 წლიდან  მოსკოვის მუსიკალური თეატრის სოლისტი იყო, 1955 წლიდან კი -ბალეტმეისტერი. 1967-1970 წლებში მთავარ ბალეტმეისტერად მუშაობდა ვარშავაში, „თეატრ ვიელკიში“; 1971-1984 წლებში კი - მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში.

ალექსი ჭიჭინაძე ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი წერდა საბალეტო და საოპერო ლიბრეტოებს ქუთაისის ოპერის თეატრისთვის, სადაც დადგა ოპერა „იოლანტა“. 1966 წელს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი სამი დადგმა - „ქორეოგრაფიული პოემა“, „დონ ჟუანი“ და „ფრანჩესკა და რიმინი“ იყო წარმოდგენილი.