ნოემბერი 548
en

გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი“ ეროვნულ არქივში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გაიხსნა გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი“, რომელიც გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სამეცნიერო-კულტურული საქველმოქმედო ცენტრი. ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სამეცნიერო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანიზაციების,  საელჩოების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მასალები ეროვნული არქივის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივებიდან. მათ შორის: გურიის ეპარქიის გურიანთის უჩასტკის სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის 1862 წლის წიგნში ექვთიმე თაყაიშვლის დაბადებისა და ნათლობის შესახებ ჩანაწერები; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში მისი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები; საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ მოღვაწეობის თაობაზე მასალები.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წლის 12 იანვრის მოხსენებით მიმართა საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას საქართველოს ადგილობრივი არქივების ძვირფასი საისტორიო მასალის შესანახად თბილისში ცენტრალური არქივის დაარსების საჭიროების შესახებ. ეს მოხსენება დღევანდელ გამოფენაზე არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა ღონისძიების გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
დამთვალიერებელს გამოფენაზე შეუძლია იხილოს, ასევე, ექსპონატები, რომელიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში. ექსპოზიციის არაერთი მასალა ეხება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოს რეგიონებში ძვირფასი ეთნოგრაფიული მასალის მოძიებას.
გამოფენისათვის კინოარქივიდან და ფოტოარქივიდან შეირჩა კადრები და ფოტოები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს ასახავს. გამოფენაზე აჩვენეს რევაზ თაბუკაშვილის მიერ 1985 წელს გადაღებული ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“. 
გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.