ნოემბერი 548
en

„ქართული ანბანის სამი სახეობა“ თბილისის შემდეგ თელავში გამოიფინება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ დასრულდა.

14 აპრილს, დედაენის დღეს გახსნილი ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას“ მიეძღვნა და მისი მიზანი ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშების საზოგადოებისათვის წარდგენა იყო.

ექსპოზიციამ საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამოფენას თბილისის არაერთი სკოლა ეწვია.

აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციას მიმდინარე წლის ივნისში თელავში მდებარე კახეთის რეგიონული არქივი უმასპინძლებს. დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორის: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურილი სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე); მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის   სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.