ნოემბერი 548
en

გამოფენა „ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ“

ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 23 ნოემბერს გამოფენა „ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ“ გაიხსნება. ექსპოზიცია ქვაშვეთის ტაძრის განახლების 100 წლისთავს ეძღვნება. 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქვაშვეთის ტაძრის არქივში დაცული ისტორიული მნიშვნელობის საღვთისმსახურო წიგნები, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის, ასევე, ტაძარის წინამძღვრებისა და იქ მოღვაწე სხვა სასულიერო პირების ფოტოები. 
ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული წერილობითი დოკუმენტები: ქვაშვეთის ეკლესიის სამრევლო უწყისი, სააქტო ჩანაწერების წიგნი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს მიმართვა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსადმი ქაშუეთის ეკლესიის, როგორც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშის ხელუხლებლად დატოვების თაობაზე, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის, ასევე, ტაძრის სამლოცველო ოთახის პროექტი, ტაძრის ეზოში მდებარე თავად ბარათოვის საფლავზე ასაშენებელი მარმარილოს ეკვდერის (სამლოცველოს) პროექტი. 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს კალისტრატე ცინცაძის არქივში დაცულ ფოტოალბომს „ტფილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია“. ალბომში შესულია ქვაშვეთის ტაძრის ინტერიერის, ფასადების, ხატების, ფრესკების, საკულტო და არქიტექტურული დეტალების ფოტოები, რომლებიც გადაღებულია 1904-1910 წლებში.
გარდა ამისა, დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი სტატიები და სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები ქვაშვეთის ტაძრის შესახებ.