ნოემბერი 548
en

გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრად ეროვნულ არქივში

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ოლივერ რაისნერი, ასევე სააგენტოს წარმომადგენლები და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ატაშე კულტურის საკითხებში ანა ბიოტხერი ეწვივნენ.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან და განიხილეს ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.

გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაინტერესებულია ეროვნულ არქივში დაცული იმ დოკუმენტებით, რომლებიც გერმანელ კოლონისტებთან და, ზოგადად, მათ ქვეყანასთანაა დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში იგეგმება არქივში დაცული ყველა მსგავსი შინაარსის დოკუმენტის გამოვლენა, ნუსხების შექმნა და 2017 წელს გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსახლების 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემის მომზადება, რომელშიც  ეს დოკუმენტები იქნება თავმოყრილი.

უახლოეს მომავალში ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივსა და კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.