ნოემბერი 548
en

ისიდორე ვარაზაშვილის პირადი ფონდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულია მანგანუმის მრეწველის, საზოგადო მოღვაწის, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ისიდორე ვარაზაშვილის პირადი ფონდი. მასალების მიმოხილვა ეროვნული არქივის ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
ისიდორე ვარაზაშვილის პირადი ფონდი საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივს მისი ოჯახის წევრებმა 1967 წელს გადასცეს. ფონდში დაცულია ვარაზაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები და  ფოტოსურათები. 
ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი დაიბადა 1882 წლის 4 ნოემბერს რაჭის მაზრის სოფელ მუხლში. პროფესიით რკინიგზის ინჟინერი იყო. 
1919 წლიდან ის, მისი ოჯახის წევრებთან და სხვა მრეწველებთან ერთად  დაარსებული ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა სააქციო საზოგადოების „ჩემო“ წევრია, შემდეგში - თავმჯდომარე. ვარაზაშვილის პირად ფონდში არის მდიდარი მასალა ამ სააქციო საზოგადოების დაფუძნებისა და მუშაობის შესახებ, მათ შორის, უცხოელ ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. 
1921-22 წლებში ისიდორე ვარაზაშვილი ჩრდილო ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის რწმუნებულად მუშაობდა. ფონდში არსებული მასალები, რომელიც ამ თემას ეხება, ცხადყოფს, რომ საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგაც, პირველ წლებში, ამერიკის დამხმარე კომიტეტი საქართველოში არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებდა. 
ისიდორე ვარაზაშვილი მოგვიანებით საპატიო ამხანაგობა ,,ქართულ წიგნში“ დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობდა. სწორედ ამ ამხანაგობის თაოსნობით გამოიცა ქართველი და უცხოელი მწერლების მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული. 
გარდა ამისა, ვარაზაშვილი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში - იყო ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, სამეცნიერო და ლიტერატურული საზოგადოების გამგეობის საპატიო თავმჯდომარე, ქართველ მხატვართა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე.  ჰამბურგში მან დააარსა რუსთაველის საზოგადოება, რომლის წევრიც თავად იყო. მისი დახმარებით არაერთი ქართველი ახალგაზრდა გაემგზავრა საზღვარგარეთ სასწავლებლად. 
ზემოთაღნიშნული დოკუმენტების გარდა, ვარაზაშვილის პირად ფონდშია მიმოწერა მასსა და მის მეუღლე ვერა წერეთელს შორის, სტატიები ,,ჩვენი სახალხო თეატრის მნიშვნელობა წარსულში და მომავალში”. აქვეა გამოუქვეყნებელი ნაშრომი, 1907 წელს დაწერილი „კაცობრიობის მიზანი“, რომელიც ხელნაწერის სახით არის შემორჩენილი და კაპიტალიზმის ეკონომიკურ სიკეთეს შეეხება. 
1936 წელს ისიდორე ვარაზაშვილი დააპატიმრეს და ვერხნეურალსკის პოლიტიზოლატორში გადაასახლეს. 1945 წლის აპრილში გარდაიცვალა. მამის ბედი მისმა ვაჟმა სოფრომმაც გაიზიარა, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა და 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
ვარაზაშვილის პირად არქივში დაცულია ცნობა 1960-იან წლებში მისი რეაბილიტაციის შესახებ.