ნოემბერი 548
en

იუსტიციის მინისტრმა რესტავრაციის განახლებული ლაბორატორია დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ეროვნულ არქივს ეწვია და დაათვალიერა დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, ინვენტარითა და ქიმიური ჭურჭლით აღიჭურვა.

„ეროვნული არქივის მუშაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია რესტავრაციის ლაბორატორიის განვითარება. იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით არქივმა შეიძინა აპარატურა, რომელიც მის ლაბორატორიას უკვე აქცევს თანამედროვეობის შესაბამისად და მინდა ეროვნული არქივის თანამშრომლებს მივულოცო ეს სიახლე“, აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, ლაბორატორიის მოდერნიზაცია მიმართული იყო დოკუმენტების კიდევ უფრო მაღალი დონის რესტავრაცია-კონსერვაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და  რესტავრატორთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისაკენ.

ლაბორატორიისათვის შეძენილია ორი  გამწოვი კარადა Biosafety Cabinet BSC-1500IIA2-X, რომელთა მეშვეობით რესტავრატორი დოკუმენტების ქიმიური რეაქტივებით დამუშავებისას დაცული იქნება მათი ზემოქმედებისაგან. სარესტავრაციო დოკუმენტების დაზიანების ხარისხის განსაზღვრასა და რესტავრაციის ეფექტური გეგმის შედგენაში რესტავრატორებს ამიერიდან ბინოკულარული სტერეო-მიკროსკოპი დაეხმარება.

რესტავრაციის ლაბორატორია მუშაობს როგორც ეტრატზე, ისე ქაღალდის საფუძველზე შექმნილი ხელნაწერებისა და დოკუმენტების რესტავრაციაზე, ასევე წიგნების, მინიატურების, აფიშების, ნახაზების, ფოტოების რესტავრაციაზე.