ნოემბერი 548
en

იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის სარესტავრაციო პროექტებსა და გაზრდილ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა

„დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა ქუთაისის ცენტრალურ არქივში, რომელიც პრაქტიკულად არის უნიკალური მეთოდი დოკუმენტებთან მუშაობის. კერძოდ, ვგულისხმობ ქაღალდის საფუძვლიან დოკუმენტებს და მათ რესტავრაციას, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო დაცულად შემოუნახავს ისტორიას ჩვენს მომავალ თაობებს“, – საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ეროვნული არქივის საქმიანობასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა ეროვნული არქივის მნიშვნელობა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ ისაუბრა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების – XII საუკუნის ლახამულის ოთხთავისა და XII-XIII საუკუნეების ქურაშის პალიმფსესტური სახარების – რესტავრაციაზეც.  „უნდა ითქვას, რომ არქივმა ლახამულის სახარების რესტავრაცია მოახდინა და ეს უკვე დასრულდა. ასევე ამჟამად ქურაშის ოთხთავის მიმდინარე რესტავრაციის პროცესი გვაქვს, რომელიც დაახლოებით 2024 წელს დასრულდება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. 

მინისტრმა აღნიშნა არქივის გაზრდილი ინფრასტრუქტურაც. მისი ინფორმაციით, 2023 წელს გორში შიდა ქართლის რეგიონული არქივის მშენებლობა დაიწყება, დასრულდება მცხეთა-მთიანეთის არქივის პროექტზე მუშაობა, რომლის მშენებლობაც 2024 წელს უნდა დაიწყოს.